(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 15 დეკემბერს, ანა კალანდაძის 87 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პოეტის მშობლიური სოფლის, ხიდისთავის საჯარო სკოლაში მისი სახელობის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში გამოფენილია ქალბატონი ანას ფოტოსურათები, ლექსები, კრებულები, პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ლიტერატურა.
_ მართალია, აქ წარმოდგენილი მასალა მუზეუმისთვის ძალიან მცირეა, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ მის შესავსებად, _ გვითხრა ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორმა, სოსო მეგრელიძემ.
ანა კალანდაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ვრცლად ისაუბრა ჩოხატაურის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა, ნათია კალანდაძემ. ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა, ლიანა თოდუამ მუზეუმს საჩუქრად ანა კალანდაძის ფოტოსურათი გადასცა. ღონისძიების ბოლოს სკოლის მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს. მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მანანა ჯინჭარაძე.
ხიდისთაველების დიდი სურვილია, რომ სოფლის ცენტრში არსებულ პარკს ანა კალანდაძის სახელი დაერქვას.