ქალაქ ოზურგეთში, ლეგენდარული ლოტბარისა და ქართული კულტურის უდიდესი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეზე, ფოლკლორის ცენტრში რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის ფილმის — „შავი შაშვი ჩიო-ოო-და…“ — ჩვენება შედგა. 10 აგვისტოს, 16:00 საათზე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონულ წარმომადგენლობაში ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი წარადგინეს.

ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბებზე ერქომაიშვილის საოჯახო ცხოვრებიდან. მასში მოთხრობილია ისტორია, თუ როგორ დაიძრა ქართული სიმღერა გურიის პატარა სოფლიდან და როგორ მიაღწია ლონდონისა და ტოკიოს საუკეთესო სცენებამდე. ამავდროულად, ეს არის ამბავი ბაბუა-შვილი-შვილიშვილის, ოჯახური ერთობისა და სიყვარულის უდიდესი ძალის შესახებ.
ფილმში მონაწილეობენ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობები და მომღერლები: ირაკლი კავსაძე, მიშო ჯავახიშვილი, ნინო არსენიშვილი, ტრისტან სიხარულიძე, ლევან ნინიძე, მალხაზ ქვრივიშვილი და ზურაბ ჩხაიძე. ასევე მონაწილეობენ ოზურგეთის თეატრის მსახიობები და ფოლკლორული ანსამბლების — „რუსთავისა“ და „მართვეს“ სხვადასხვა თაობის აღზრდილები.
როგორც რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე აღნიშნავს:
„როდესაც სცენარზე — „შავი შაშვი ჩიო-ოო-და…“ — ვუშაობდით, მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში, სადაც გავიმარჯვეთ და პირველი ადგილი დავიკავეთ. ამის შემდეგ მოხდა გადამღები გუნდისა და მსახიობების შერჩევა. გადაღებები გურიასა და თბილისში მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რისი ჩვენებაც გვინდოდა საზოგადოებისთვის.
მინდა გითხრათ, რომ ანზორ ერქომაიშვილი იყო უდიდესი ქართველი, უდიდესი ლოტბარი და მუსიკოსი. მისი საქმე იმდენად მასშტაბურია, რომ ის კიდევ არაერთ თაობას აღზრდის და შეაყვარებს ქართულ ხალხურ მუსიკასა და ფოლკლორს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა. ფილმს უკვე ვუჩვენებთ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.“
ოზურგეთში ფილმის ჩვენებას არაერთი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყო მსახიობი და რეჟისორი ირაკლი კავსაძე, რომელმაც ფილმში არტემ ერქომაიშვილის როლი მოირგო:
„გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ დღეს ოზურგეთში ყოფნით. ბატონ ანზორს პირადად ვიცნობდი და მასთან ყოველი შეხვედრისას სრულიად სხვა განწყობით ვიმუხტებოდი — ერთი სიხარული და ბედნიერება იყო მასთან საუბარი. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ფილმში დიდი ლოტბარის, არტემ ერქომაიშვილის როლის თამაში,“ — აღნიშნა ირაკლი კავსაძემ.
ფილმმა არაერთი აღიარება და ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე:
საერთაშორისო პრემიერა: ფილმის საერთაშორისო პრემიერა წარმატებით შედგა ტოკიოსა (იაპონია, 2025 წლის ოქტომბერი) და თბილისში (2025 წლის ნოემბერი);
გრან-პრი (GRAND PRIX): ფილმმა მოიპოვა უმაღლესი ჯილდო ტელე და კინოოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს თვალი“ (ბათუმი, საქართველო — თემო მაჭარაძე / გიორგი ჭუმბურიძე);
მთავარი პრიზი (WINNER – Best Musical Film): ფილმი გახდა ბარსელონას საერთაშორისო კინოფესტივალის (CinemaBriz Film Festival, ესპანეთი, 2026) გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკალური ფილმი“;
ოფიციალური სელექცია (OFFICIAL SELECTION): ფილმი შერჩეულ იქნა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში (Tokyo Lift-Off Film Festival, იაპონია, 2026 წლის მაისი — მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კატეგორია).
ფილმი შექმნილია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.






































































