საქართველოს პრეზიდენტმა “ავერსის” ახალგახსნილი კლინიკა ჯანდაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან, გურიის გუბერნატორთან ვალერი ჩიტაიშვილთან, “ავერსის” მფლობელთან პაატა კურტანიძესთან და ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა.
50-საწოლიანი კლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, სადაც გურიის რეგიონის მოსახლეობას კომპიუტერული ტომოგრაფიითა და ციფრული რენტგენოგრაფიით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა. საავადმყოფოს აქვს ამბულატორიული, თერაპიული, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების, ქირურგიული და სხვა განყოფილებები, სადაც ადგილობრივები კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.
კლინიკა, ჰოსპიტალური განვითარების პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია “მედალფამ” ააშენა. კლინიკაში 150 სპეციალისტია დასაქმებული. შპს “მედალფას” გენერალური დირექტორის ზაზა ჯაფარიძის თქმით, აქ თავმოყრილია ყველა ის განყოფილებები, რომელიც გაფანტული იყო _ სამშობიარო, სტაციონარული, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დიაგნოსტიკური ცენტრი.
კლინიკის მშენებლობა 6 მილიონი დოლარი დაჯდა.
მიხეილ სააკაშვილი: _ ეს საავადმყოფო არის თქვენთვის, ყველა თქვენგანს გექნებათ დაზღვევა. ეს შეიქმნა იმისთვის, რომ იმკურნალონ ადგილობრივებმა. აქ არც ერთი უცხოელი არ ჩამოდის სამკურნალოდ, ძირითადად ეს არის თქვენთვის. ეს არის ყველაზე მაგარი სტანდარტი, ე.ი. ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ. უფრო მეტიც, ეს არის ყველაზე მაგარი საავადმყოფო, რომელიც გამიხსნია ბოლო დროს საქართველოში და მინდა მივულოცო ჩემს თავს და ოზურგეთს. საავადმყოფო უკვე გაქვთ ისეთი დონის, რომელიც ჰოლანდიაში არ მინახავს. აღარ მოგიხდებათ თბილისში ხეტიალი, ღამეების გათენება საცოდავად, ფულის დახარჯვა და ბოლო კაპიკებით ექიმებისა და სანიტრების ძებნა. ფანტასტიკაა ასეთი საავადმყოფო ოზურგეთში.
მე ხშირად დავდიოდი ოზურგეთში, ის ტრასასთან ახლოსაა. ერთხელ, 2004 წელი იყო, გამომიგზავნეს აქ გადაღებული ვიდეო, რაღაც ადგილები, ხიროსიმას სურათი იყო. წინა პრეზიდენტი რომ იყო, სპეციალურად არ აკეთებდა, ბრალი რომ არ დაედოთ გურული “ნაციონალიაო” და სპეციალურად არაფერს არ აკეთებდა, _ თქვა პრეზიდენტმა.