(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ “ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალის საქმიანობას, რამდენიმე კვირაა, თბილისიდან ჩამოსული აუდიტი სწავლობს. სწორედ მათი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ფილიალში დიდი ოდენობის თანხა _ 30 000 ლარი იყო მითვისებული. გამოძიების შედეგად დადგინდა _ თანხის კერძო ანგარიშზე გადატანა, ბანკის ჩოხატაურის ფილიალის სხვადასხვა კომპიუტერებიდან ხდებოდა.
საქმეზე გამოძიება დაიწყო და როგორც გვითხრეს, ყველა თანამშრომელი დაიკითხა. ძიების მასალების მიხედვით, თანამშრომლების კომპიუტერით ვინმე. ვ. გ. სარგებლობდა, თანხა სხვა ანგარიშზე გადაჰქონდა და შემდეგ, გარეშე პირებს, ამ თანხის გამოტანას სთხოვდა იმ მიზეზით, რომ ის ბანკის თანამშრომელი იყო და ფულის გამოტანა არ შეეძლო. ვ. გ. გასული კვირის კვირას დააკავეს და მან დანაშაული აღიარა. ამ საკითხზე “ლიბერთი ბანკში” ოფიციალური კომენტარი არ კეთდება, თუმცა, პირად საუბრებში ამბობენ, რომ ახალი წლიდან “ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალი ახალი კადრებით დაკომპლექტდება და მიუხედავად უდანაშაულობის დამტკიცებისა, ამჟამინდელ თანამშრომლებს სამსახურიდან გაუშვებენ.