(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელთან გიორგი გოგუაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან რევაზ ჩიტიძესთან ერთად ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლი გახსნეს. პრეზენტაციას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსებიც ესწრებოდა.
სახლი საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პატრონაჟით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბრიტანული ორგანიზაცია “ევრიჩაილდის” მხარდაჭერით გაიხსნა. ხუთი ლანჩხუთელი, ორი ოზურგეთელი და ერთი თბილისელი 15 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვი არაბიოლუგიურ მშობლებთან და ბიძა-ბიცოლასთან ერთად 18 წლამდე იცხოვრებენ. ისინი სოფელ ლესის საჯარო სკოლაში ისწავლიან. მათ ექნებათ სამედიცინო დაზღვევა, ყველა მათგანისთვის, ყოველთვიურად 150 ლარიანი ვაუჩერი გაიცემა. ევრო-რემონტით მოწყობილ ორ სართულიან სახლში საძინებელი, მისაღები, სათამაშო, სამეცადინო და სასადილო ოთახებია ბავშვებისთვის გამოყოფილი. უახლოეს დღეებში მზრუნველობამოკლებულებს საკუთარი კომპიუტერები ექნებათ. აღსაზრდელებზე 24 საათის განმავლობაში იზრუნებს 2 ძირითადი (დედობილ-მამობილი) და 2 ჩამნაცვლებელი (დეიდა-ბიძა) მზრუნველი.
ლანჩხუთის “ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლის” მენეჯერია ირაკლი მაღულარია. მისი თქმით, მზრუნველობამოკლებულებისთვის კვირაში სამჯერ ოზურგეთიდან ჩამოვა, მისი ვალდებულება და მოვალეობა სასურსათო პროდუქტებითა და გასათბობი შეშით ოჯახის უზრუნველყოფაა.
მზრუნველობამოკლებული ბავშვები მეუფე იოსებმა დალოცა. ანდრია ურუშაძემ ბავშვებს საჩუქრად სათამაშოები გადასცა: “ახალმოსახლეობას გილოცავთ! თქვენ უნდა გაუფრთხილდეთ ამ ყველაფერს, რადგან რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი რაც აქ არის, თქვენია. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს” _ თქვა მინისტრმა.