(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 12 იანვარს, “გურიის თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ, თემურ სალუქვაძემ ბრიფინგი გამართა და პრეზიდენტის მიერ გურიის აღორძინების ფონდის შექმნის ინიციატივის შესახებ ისაუბრა:
_ ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები”, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, გამოვთქვამთ ეჭვს (რისი საფუძველიც გაგვაჩნია) გურიის აღორძინების ფონდის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ჩვენი ვარაუდით, ეს არის ნაციონალური მოძრაობის მორიგი პოლიტიკური ფანდი, რომელიც მოემსახურება არსებული ხელისუფლების პიარაქციებს, ფინანსების გათეთრებას წინასაარჩევნოდ და გამოყენებული იქნება მოსახლეობის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მიზნით. შევახსენებთ საზოგადოებას, თანხები, რომლებიც ხმარდება მშენებლობებს, ინფრასტრუქტურის მოწყობას და ა.შ. არ განეკუთვნება პრეზიდენტს, მით უმეტეს, არც ნაციონალურ მოძრაობას, ეს სახსრები ქართველი ხალხისაა ან კერძო ბიზნესის ფულია, _ თქვა სალუქვაძემ.
მისი თქმით, უნდა შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს, რა და როგორ დაიხარჯება ამ ფონდიდან, რას მოხმარდება ხალხის თანხები.
ჟურნალისტების კითხვაზე, მიმართა თუ არა მან ხელისუფლებას ამ წინადადებით, თემურ სალუქვაძემ თქვა, რომ ეს მათ იციან:
_ რეალობა სხვა გახლავთ. ჰკითხეთ ნებისმიერ გურულს, წინა არჩევნების შემდეგ გრძნობს თუ არა თავს უკეთესად სოციალურად, მატერიალურად? ხელისუფლებაში ყოფნის მხოლოდ მე-9 წელს გაახსენდათ გურია და გურულობა. გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ გურულებად არ ხდებიან _ გურულებად იბადებიან! _ ამ ფრაზაზე სალუქვაძეს ერთმა ჟურნალისტმა შენიშვნა მისცა, გურულებად კი არა, ქართველებად ვიბადებითო.