"თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა ჩხაიძე უკანონო იარაღის შენახვის გამო ერთი დღე ჰყავდათ დაკავებული. ის კალანდას, 14 იანვარს დააკავეს. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მას გირაოს სახით 2000 ლარი აქვს გადასახდელი, რაც შეეხება მორიგ სასამართლო პროცესს ის 7 მარტს არის ჩანიშნული და ალბათ, მაშინ გაირკვევა თუ რა მოხდა 13 იანვარს ჩხაიძის ფერმაში.
რატომ დააკავეს ელგუჯა ჩხაიძე
13 იანვარს, დაახლოებით 15:30 წუთზე, სამართალდამცავებმა ლანჩხუთელი ოპოზიციონერი და "თავისუფალი დემოკრატების" საინიციატივო ჯგუფის წევრი ელგუჯა ჩხაიძე დააკავეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლებმა ელგუჯა ჩხაიძეს სახლში მიაკითხეს და მოსთხოვეს მას, გაჰყოლოდა მის საკუთრებაში არსებულ ფერმერულ მეურნეობაში, რომელიც სახლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ტყის მასივთან, საძოვრებთან მდებარეობს. ელგუჯა ჩხაიძე მათ მოთხოვნას დაემორჩილა და აღნიშნულ ფერმაში გაჰყვა.
წყარო ამტკიცებს, რომ ჩხრეკას მოწმეები არ დასწრებიან. პოლიციელებმა შესვლისთანავე სხვენიდან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახალ ტომარაში იყო ჩადებული, ხოლო ის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა იარაღი, ობობას ქსელით იყო დაფარული.
"გურია ნიუსისთვის" ისიც გახდა ცნობილი, რომ ადვოკატის შეხვედრა დაკავებულთან დაგვიანებით მოხდა _ მათი პირველი კონტაქტი მას შემდეგ შედგა, როდესაც ლანჩხუთში ირაკლი ალასანია ჩამოვიდა.
"გურიის თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატმა ვლადიმერ გვარჯალაძემ განაცხადა, რომ დაკავებული ელგუჯა ჩხაიძე ბრალს არ აღიარებს, თავს თვლის უდანაშაულოდ და იარაღის დადების ფაქტს მიიჩნევს პოლიციელების მიერ წინასწარ განზრახულ აქტად. მან აღნიშნა, რომ თუ ჩხაიძე ბრალს არ აღიარებს, პოლიციელების მხრიდან მის ვაჟიშვილს გარკვეული პრობლემები შეექმნება, რასაც ადრე უკვე ჰქონდა ადგილი.
ელგუჯა ჩხაიძის დაკავების შემდეგ, სამართალდამცავებმა პარალელურ რეჟიმში განახორციელეს დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. როგორც ლანჩხუთში გვითხრეს, ჩხრეკის დაწყებამდე, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოითხოვა ტუალეტში შესვლა და შემდეგ, საპირფარეშოს უკანა მხრიდან, რომელზეც დამაგრებული იყო ქათმის ბუდე, ამოღებულ იქნა ავტომატური იარაღის მჭიდი. ჩხრეკის ოქმს თანამოწმეებმა ხელი არ მოაწერეს,
გურული ოპოზიციონერები ელგუჯა ჩხაიძის დაკავებასთან დაკავშირებით
"რესპუბლიკელი" რომან ბიწაძე: _ მე და ელგუჯა ჩხაიძეს, გარდა პოლიტიკური პარტიორობისა, ნორმალური და კარგი პირადი ურთიერთობა გვაქვს და გვექნება. პირად საუბრებში მას ხშირად უთქვამს, რომ თუ რამე სახის პროვოკაციას განახორციელებდნენ მის მიმართ, ეს იქნებოდა მხოლოდ იარაღის ჩადება.
ყველამ ვიცით, რომ ელგუჯა არის აფხაზეთის და "ასოცსაათიანი" აგვისტოს ომის მონაწილე, ამიტომ ადვილი დასაჯერებელი შეიძლება იყოს ხალხისთვის, რომ ჩხაიძეს ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი, მით უმეტეს, რომ მას წლების უკან დოკუმენტალურად ჩაბარებული აქვს ავტომატი შესაბამის უწყებაში. აქედან გამომდინარე, ძალოვნებს იმედი აქვთ, აფიქრებინონ ვინმეს, რომ ჩხაიძემ ერთი იარაღი კი ჩააბარა, მაგრამ შესაძლებელია, მეორეც ჰქონოდაო.
_ რატომ ჰქონდა იმის განცდა ელგუჯა ჩხაიძეს, რომ მას მოუწყობდნენ პროვოკაციას და ეს პროვოკაცია მაინცდამაინც იარაღთან იქნებოდა დაკავშირებული?
_ წლების წინ, მისი ვაჟი იყო დაკავებული. თავად ელგუჯა სიგარეტსაც არ ეწევა და გურულად რომ ვთქვათ, ნარკოტიკზეც "გაკუჭებულია", ამიტომ მას ნარკოტიკს ვერ ჩაუდებდნენ. ეს ყველაფერი უკავშირდება მის აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციას და მიზანს, შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება. ელგუჯამ ძალიან კარგად შეასრულა პარტიის ბოლო დავალება და ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი ხელმოწერა შეაგროვა. ის ყოველთვის გამოხატავდა უსამართლობის წინააღმდეგ საკუთარ პროტესტს.
_ როგორც ვიცით, ჩხაიძეს ჩვენება ჯერ არ აქვს მიცემული.
_ მე, ყველაზე გვიან წავედი პოლიციის შენობიდან, შევაგზავნეთ ტანსაცმელი, ამ დილას კი ელგუჯას ოჯახის წევრებმა შეუგზავნეს საკვები. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის არ აღიარებს დანაშაულს ან რა უნდა აღიაროს, რაც არ არის რეალობა?
"გურიის თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე თემურ სალუქვაძე: _ ჩვენ არა ერთხელ გაგვიცხადებია, რომ არსებული ხელისუფლებისგან ყველაფერს ცუდს ველოდებით და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ელგუჯა ჩხაიძის დაკავების ფაქტი, ასევე მისი პოზიცია. ჩვენ "თავისუფალი დემოკრატები", ვართ პრინციპულები, შეუვალნი, ამიტომ, პარტნიორებთან ერთად, ბოლომდე დავუდგებით გვერდით და დავიცავთ ელგუჯა ჩხაიძის უფლებებს. ეს რაც მოხდა, წინასწარ მომზადებული ოპერაციაა, რაც უკავშირდება რეალურად ალტერნატიული ძალის გამოჩენას პოლიტიკურ სივრცეში.
მაკა კვირკველია, "თავისუფალი საქართველოს" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: _ ყველა ოპოზიციური ორგანიზაციის ვალია დღეს (საუბარი ჩაწერილია 14 იანვარს) აქ დგომა და ვინც არ არის, იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს განსაცდელი, რომელიც ელგუჯა ჩხაიძეს და მის ოჯახს დაატყდა თავს, ემუქრება სხვებსაც _ ხვალ შეიძლება მიაკითხონ ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახებს. ასე რომ, ახლა, როგორც არასდროს, გვმართებს ერთად ყოფნა. ჩემის აზრით, ეს არის დაშინების პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ადამიანებზე ზემოქმედების მოხდენას, რომ აქტიურ ოპოზიციურ ფლანგზე მათ თავი შეიკავონ. ფაქტია, რომ ის, რაც მოხდა, არის პოლიტიკური დევნა.
"აქ არ გადაიღოთ"
ეს სიტყვები სამართალდამცავებს ეკუთვნის _ მათ უფლება არ მოგვცეს ლანჩხუთის პოლიციის ეზოში დაკავებული ელგუჯა ჩხაიძის მეუღლე ჩაგვეწერა. მადონა ჩხაიძის ინტერვიუს ვიდეოჩაწერის დროს, ორმა პოლიციელმა მასალის გაკეთების საშუალება არ მოგვცა. მათი თქმით, ქუჩის მეორე მხარეს უნდა გადავსულიყავით და იქ ჩაგვეწერა ინტერვიუ.
თუ რომელი კანონის საფუძველზე გვთხოვდნენ სამართალდამცავები ქუჩის მეორე მხარეს გადასვლას, ვერ გვიპასუხეს, რის შემდეგ საქმეში ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა ჩხაიძე ჩაერთო. მის თქმით, ეს მისი მითითებით ხდება, თუმცა, რომელი კანონის თანახმად გასცა მან ეს "მითითება", ვერც ჩხაიძემ განმარტა.
ბრიფინგი
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ელგუჯა ჩხაიძის დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი ლანჩხუთის პოლიციის ახლომდებარე ტერიტორიაზე გამართა. მისი თქმით, ძველით ახალი წლის აღნიშვნა განსაკუთრებით მძიმედ მოუხდა "თავისუფალ დემოკრატებს" _ ლანჩხუთში დაკავებული იქნა მათი პარტიის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა ჩხაიძე:
_ ელგუჯა თავისი ერთგულებით გამორჩეული ადამიანია. ყველა კარგად იცნობს მის ოჯახს. ის გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, როცა ეს ქვეყანამ მოსთხოვა მას და დღეს ის იყო განსხვავებული, კრიტიკული აზრის მატარებელი გურიაში და სწორედ ამიტომ დაიწყო ამ ხელისუფლებამ მისი დევნა. გუშინ ის დაკავებული იქნა ლანჩხუთის პოლიციის მიერ, ჩაუდეს ავტომატი და მჭიდი მის სახლში. ამას ადასტურებს პირველი გამოკითხვა ადვოკატთან ერთად, რომელიც, სამწუხაროდ, დაგვიანებით მივიდა დაკავებულთან _ მას ამის უფლებასაც უჩერებდა პოლიცია. ოთხი საათის განმავლობაში ვერ შეძლო ადვოკატმა დაკავებულთან შესვლა, რაც კანონის დარღვევაა. მინდა ვთქვა, რომ ასეთი ფაქტები ქართულ საზოგადოებას არ შეაშინებს, არ შეაშინებს არც ელგუჯას ოჯახს, არ შეაშინებს არც ერთ ჩვენს მხარდამჭერს იმიტომ, რომ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შეცვლის იმ ხელისუფლებას, რომელიც სწორედ განსხვავებული აზრის გამო დევნის საკუთარ მოქალაქეებს. გურიაში უკვე ქათმებმა კვერცხის ნაცვლად მჭიდების დადება დაიწყეს _ სწორედ ასე აღმოუჩინეს ელგუჯას სახლში ავტომატის მჭიდი. მინდა მივმართო პოლიციას და ვუთხრა მათ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, აღარასოდეს მათ მსგავს დავალება არავინ აღარ მისცემს. ასევე, მინდა დავპირდე სააკაშვილს, მერაბიშვილს და ადეიშვილს, რომ როცა უსამართლოდ დაპატიმრებულები გამოვლენ ციხეებიდან, მათ მოუწევთ ქართული, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება იმ დანაშაულობებზე, რომელსაც ახლა ჩადიან.
უჩვეულო სასამართლო პროცესი
სასამართლო პროცესი მეტად უჩვეულო სიტუაციაში ჩატარდა _ სანამ ელგუჯა ჩხაიძეს მოიყვანდნენ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მანამდე გავრცელდა ხმა, რომ დარბაზში არავინ არ უნდა შესულიყო _ არც ჩხაიძის მეგობრები, არც ნათესავები, არც თანაპარტიელები და არც ჟურნალისტები. როგორც პროცესის შემდეგ ელგუჯა ჩხაიძის ადვოკატმა ვლადიმერ გვარჯალაძე თქვა, ასე უფრო კარგი იყო საქმისთვის: _ ელგუჯას ჯერ ჩვენება არ მიუცია. თუ რამე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, იტყვის. ამ ეტაპზე გამარჯვებაა იმის მიღწევა, რომ გარეთ არის.
_ რატომ არ მოხდა სასამართლო პროცესზე სხვების დასწრება?
_ უბრალოდ, სურვილი იყო ასეთი.
_ ვისი სურვილი?
_ სასამართლოს და პროკურატურის(?!).
"ამ სურვილიდან" გამომდინარე, რა მოხდა სასამართლო პროცესზე, ჩვენთვის უცნობი დარჩა. პროცესი სულ ხუთ წუთს გაგრძელდა და დარბაზიდანვე გაათავისუფლეს ერთი დღით დაკავებული ელგუჯა ჩხაიძე, რომელმაც პირველი კომენტარი "გურია ნიუსთან" გააკეთა:
_ ეს, რაც მოხდა, არის უსამართლობა. ყველასთან მადლობელი ვარ, ვინც გვერდით დამიდგა. ერთად დგომით და გამბედაობით, დამერწმუნეთ, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. მაგალითად შეიძლება ჩემი საქმე მოვიყვანოთ _ გვერდში რომ არ დამდგომოდით, დიდხანს ვიქნებოდი აქ.
სახლში ვიყავი, ბიჭები იყვნენ მოსულები სტუმრად. დამირეკეს პოლიციიდან და მითხრეს, რომ ჩემი ნახვა უნდოდათ. მოვიდნენ ჭიშკართან, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს პატარა შენობასთან, ფერმასთან. სანამდე იქ მივიდოდი, გზაში უკვე მივხვდი, რაც ხდებოდა. ეზოში რომ შევიდნენ, მივიდნენ საძროხესთან. სამი ფართი არის და ერთ-ერთში შევიდნენ, გაიარ-გამოიარეს და აღმოაჩინეს ავტომატი. ამ დროს გამოვედი გარეთ. მათ მითხრეს, მოდი, დაესწარი გახსნასო. რა დასწრება უნდა, როგორც ჩადეთ, ისე გააგრძელებთ,-მეთქი. აბლაბუდაში იყო გახვეული ავტომატი, თან თეთრ გაქათქათებულ ტომარაში იდო. იქ რომ ყოფილიყო დამალული, ტალახის ფერი ექნებოდა ტომარას.
_ კონკრეტულ შემთხვევას რა უსწრებდა წინ, ანუ რატომ მაინცდამაინც თქვენ და რატომ ახლა?
_ სავარაუდოდ, ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვებას გავუკეთე ორგანიზება! ამასთან, ბოლო დროს ძალიან ვაქტიურობდი, როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაციებმა ჩვენი პარტიული საქმიანობიდან და ჩვენი გამონათქვამებიდან გაჟონა და შურისძიება ამ სახით მოახდინეს.
_ თქვენზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ?
_ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ, თუმცა, მე არაფერი მქონდა ასაღიარებელი და რას ვეტყოდი?!