(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და “რეფერალური დახმარების” ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ლანჩხუთს საკუთარი რეანომობილი მოემსახურება. პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდის მიერ ნაჩუქარი სასწრაფო დახმარების მანქანა 30 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკითაა აღჭურვილი. 4 სპეციალისტით დაკომპლექტებული რეანომობილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სამშაბათს გადასცეს. სამედიცინო ბრიგადის წევრების ბინით უზრუნველყოფა ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო.
_ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს მდებარეობს, აქ ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, რეანომობილის გამოძახება კი დღემდე სხვა რეგიონებიდან გვიხდებოდა, ახლა პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი რეანომობილი ჰყავს, _ თქვა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ.
შპს “რეფერალური დახმარების ცენტრის” დირექტორის, კახა ჩიხრაძის თქმით, სპეციალურად რეანომობილისთვის ოთხი-ხუთი სამკაციანი საექიმო ბრიგადა იმუშავებს: _ ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ რეანომობილი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ბრიგადები საუკეთესო ექიმებითაა დაკომპლექტებული. ისინი გამოცდილი და თავიანთი საქმის პროფესიონალი მედიკოსებია, რომლებიც მზად არიან ავადმყოფებს საავადმყოფოში გადასვლამდე გაუწიონ აუცილებელი დახმარება, _ აღნიშნა კახა ჩიხრაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის, რევაზ ჩიტიძის თქმით, ადამიანებს საათობით ლოდინი უწევდათ რეანომობილის მოსვლამდე, მაშინ, როცა წუთებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.