(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ შპს “ლიმონი” საკმაოდ წარმატებით მუშაობდა 1987-1996 წლებში. საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქცია (ლიმონის კონფიტიური, მანდარინს და ფორთოხლის ჯემები, მსხლის მურაბა, ტყემლის საწებელა და მურაბა) დიდი მოწონებით სარგებლობდა არა მარტო ჩვენთან, არამედ უკრაინაში, ბელორუსიასა და რუსეთში. იგი საშუალოდ, ყოველწლიურად 300 ტონამდე (600 000 პირობითი ქილა) მზა პროდუქციას აწარმოებდა. წარმოება ადგილობრივი მოსახლეობიდან ყოველწლიურად 80 000 ლარის სხვადასხვა ხილს ყიდულობდა. საშუალოდ დასაქმებული იყო 25 მუშა მოსამსახურე. სამწუხაროდ, 90-იან წლებში განვითარებული ცნობილი მოვლენების (რუბლის ინფლაცია) და საბრუნავი სახსრების უქონლობის გამო, ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეწყვიტა. 2000 წლიდან, შპს ვერ იხდიდა ქონებისა და მიწის ყოველწლიურ გადასახადს და ვადაგადაცილებულმა საგადასახადო დავალიანებამ 82 000 ლარი შეადგინა.
“2011 წლის აპრილში “ლიმონის” დირექტორმა თამაზ იმნაიშვილმა ლანჩხუთის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე. საკითხი განიხილეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც მიზანშეწონილად მიიჩნიეს, გაიცეს თანხმობა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, სულ მალე საწარმო ამუშავდება, დაასაქმებს 25 ადამიანს, წელსვე დაიწყებს მოსახლეობისგან ტყემლის მიღებას. შპს “ლიმონი” აქტიურად ჩაერთვება უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკას სავაჭრო ორგანიზაციებისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებაში.