დღეს, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის სამსახურის უფროსი ზურაბ საჯაია, ამავე სამსახურის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი მერაბ წივწივაძე და საჯარო რეესტრის ლანჩხუთის სამსახურის უფროსი სარდიონ ჩხაიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც გვითხრეს, სამსახურის უფროსების გათავისუფლების მიზეზი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შემოწმება გახლდათ, რა დროსაც აღნიშნული პირები სამსახურში არ იმყოფებოდნენ.
საჯარო რეესტრის ჩოხატაურის სამსახურის თანამშრომლის, ხათუნა მამალაძის თქმით, საჯაიას გათავისუფლების მიზეზი სამსახურში დაგვიანება გახდა:
_ მხოლოდ და მხოლოდ სამსახურში დაგვიანების გამო გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანებაშიც ეს წერია, _ გვითხრა მამალაძემ.
საჯარო რეესტრის პრესამსახურის უფროსის, ეკა ერგემლიძის თქმით, ამ ადამიანებმა სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს:
_ იუსტიციის სამინისტრო გადადის მომსახურების ახალ სტანდარტებზე. იცით, რომ ოზურგეთშიც იხსნება იუსტიციის სახლი და აქედან გამომდინარე ამ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ყველა თანამშრომელი. შესაბამისად, ჩვენც ძალიან გული გვწყდება, რომ მიდიან ეს ადამიანები, მაგრამ ამ პროექტების ფარგლებში ასე მოხდა.
_ ჩვენ გვითხრეს, რომ მათი გათავისუფლება სამსახურში დაგვიანების გამო მოხდა…
_ ზუსტად მაგას ვგულისხმობთ სტანდარტების გათვალისწინებაში. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც საყვედური გამოუცხადეს ამ თანამშრომლებს და ბრძანება ითვალისწინებდა იმას, რომ მეორე შემთხვევაში უკვე სამსახურიდან განთავისუფლება მოხდებოდა, _ აღნიშნა ერგემლიძემ.