გასულ ხუთშაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის შენობა დაიწვა. 1922 წელს აგებული, ამორტიზებული შენობა ძირითადად ხისგან იყო ნაგები და სასკოლო პროცესი აქ მიმდინარეობდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო სკოლის ახალი შენობის აგება. მეორე სემესტრიდან, ახალი შენობის დასრულებამდე, სკოლა სოფლის კულტურის სახლში უნდა გადასულიყო, მაგრამ უამინდობის გამო, ეს პროცესი შეფერხდა.
_ უნდა გენახათ, რა რეაგირება ჰქონდათ სკოლის მოსწავლეებს; დიდი თავგანწირვით იბრძოდნენ სკოლის შენობის გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერს გახდნენ წლების წინ უკვე მწყობრიდან გამოსულ შენობასათან, რომელიც, დაახლოებით, ერთ საათში ფერფლად იქცა. სკოლის შენობასთან ერთად დაიწვა სკოლის ისტორიის მასალები, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და გროვდებოდა, _ ამბობს ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი, ლილი კალანდაძე. მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ სასწავლო პროცესი ქვაბღაში აღდგეს.
არსებობს ვერსია, რომ ხანძარი სკოლის სხვენში გაჩნდა და ისე სწრაფად გავრცელდა, რომ არა სახანძრო და სამაშველო სამსახურების ეფექტური მუშაობა, ცეცხლი სკოლის ახალ შენობასაც მოედებოდა. იქაურების თქმით, ახალ შენობაზე მხოლოდ რამდენიმე ფანჯარა და კარი დაიწვა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როცა სკოლას ხანძარი გაუჩნდა, ჩოხატაურში გადაუღებლად თოვდა და სახანძრო და სამაშველო სამსახურებს სკოლამდე ასვლა გაუჭირდათ.