რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში ოზურგეთელი მხატვრის მარინა უჯმაჯურიძის მეტად საგანგაშო წერილი გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია: “ვცხოვრობ უმძიმეს პირობებში, უმძიმესი ავადმყოფის და უმძიმესი ჯანმრთელობის პატრონი. 54-ლარიანი სოცდახმარების და დედაჩემის 110-ლარიანი პენსიის შემყურე _ ადამიანის, რომელსაც აქვს ინსულტი, ინფარქტი… არ მაქვს ტუალეტი, აბანო…. წყალი ეზოშია. სარეცხი რომ გავფინო და გავაშრო ამისი პირობებიც არ არის. მთელი ჩემი ნახატები ეზოში _ წყალში ყრია… აი, ის ნახატები, რომელიც მოსწონთ და ღირებულია, წყალში ყრია, აწვიმს და ათოვს. ვერასოდეს ცუდი სიტყვის სათქმელად ვერავინ გავიმეტე, მაგრამ მე აღმოვჩნდი გამეტებული… თქმით ვამბობ, მაგრამ წყლის ნაყვას ჰგავს… ყველას, ვისაც სახელმწიფო ჩინოვნიკი ჰქვია, ოზურგეთში და თბილისში, რომლებიც ასე მშვიდად შეჰყურებენ ჩემს ასეთ მდგომარეობას და არაფრად მიაჩნიათ, გეკითხებით: რას აშენებთ, სახელმწიფოს? ასეთი დამოკიდებულებით??? ….უმძიმესი დატვირთვით ვცხოვრობ, რომელიც ერთი საათითაც კი გაუსაძლისი იქნებოდა თქვენთვის! იქნებ მოგესინჯათ?! ეს უყურადღებობა 30 წლის მატარებელია… და ვალით აღებულ საკვებს ნიშნავს ამ ხნის მანძილზე… არ მეძლევა ხატვის საშუალება _ მე არ მაქვს უბრალო ადგილი, სადაც დავხატავ და შევინახავ ნახატებს; 30 წელია ამაზე ვსაუბრობ…” _ ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელსაც რამდენიმე ოზურგეთელი გამოეხმაურა.
ირინა გოგუაძე, ექიმი: _ შემზარა ამ წერილის წაკითხვამ. არ ვიცი რა ვქნა, რით ვუშველო ამ უნიჭიერეს და უკეთილშობილეს ადამიანს; მოდით, გავხსნათ მარინა უჯმაჯურიძის დახმარების ფონდი. იქნებ შემოგვეხმიანონ ის ადამიანები, რომლებიც არ გაურბიან ქველმოქმედებას და ყველამ ერთად შევძლოთ მხატვარს შევუქმნათ ელემენტარული საარსებო და შემოქმედებითი მუშაობის პირობები. დარწმუნებული ვარ, ის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ქართული კულტურისთვის. ვიჩქაროთ მეგობრებო, სანამ გვიან არ არის, “უკან მიდევნებული ლამპარი” არ გვიშველის. წინასწარ გიხდით მადლობას ყველას, ვინც გულთან მიიტანს ამ ოჯახის მძიმე ყოფას.
ლია მეგრელაძე, ჟურნალისტი: _ კარგი იქნება თუ ამ წერილს გამოეხმაურება ხალხი და კეთილ საქმეს გააკეთებს.
“გურია ნიუსი” ყველას მიმართავს თხოვნით, დაეხმაროს ქალბატონ მარინას, როგორც კარგ ადამიანს და მხატვარს, რომლის ნახატებით ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ, მაგრამ შეგვრცხვება და დანაშაულს ჩავიდენთ, თუ არაფერს გავაკეთებთ მათ გადასარჩენად!