თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და ბორჯომის რაიონული პოლიციის მიერ, დაკავებული იქნა 1957 წელს დაბადებული მერაბ ქარჩავა, რომელსაც ბრალად ედება ხარაგაულის რაიონის სოფელ მაქათუბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას უკანონოდ გასაღება. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
მერაბ ქარჩავა ოპოზიციონერია. მან გასული წლის ბოლოს დატოვა თუ დაატოვებინეს “ქართული პარტიის” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა, მანამდე კენჭს იყრიდა ხელისუფლების სატელიტი პარტიის სახელით ბოლო ადგილობრივ არჩევნებზე, უფრო ადრე “ნაციონალების” ხელისუფლებაშიც იყო, კიდევ უფრო ადრე, შევარდნაძის მმართველობისასაც ხელისუფლებაში მუშაობდა _ ორივე შემთხვევაში ქალაქ ლანჩხუთის გამგეობაში. იყო გამგებლის მოადგილეც, ხოლო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ქალაქ ლანჩხუთის მერი გახლდათ.