გურიის რეგიონში სულ 46 605 ელექტროენერგიის მომხმარებელი აბონენტია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში _ 25 000, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში _12 605, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში _ 9 000.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივის გასახორციელებლად, მხოლოდ გურიის რეგიონის აბონენტებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 932 100 ლარი დაიხარჯება.
საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიის ვაუჩერების პროგრამისთვის საქართველოს მასშტაბით 25 მილიონ ლარს დახარჯავს. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თქმით, აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და ელექტროენერგიის 20-ლარიან ვაუჩერს საქართველოში მილიონ 200 ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს.
გილაური მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ცივი ზამთრით ხსნის: “წელს საქართველოში საკმაოდ ცივი ზამთარია, რამაც ჩვენს მოსახლეობას ბევრი პრობლემა შეუქმნა. მკაცრი ზამთრის პირობებში, ელექტროენერგიის ხარჯები გაიზარდა, ამიტომ პრეზიდენტის დავალებით, ჩვენ ელექტროენერგიის ვაუჩერის პროგრამა შევიმუშავეთ, რომლის დარიგებაც მიმდინარე კვირაში დაიწყება. ეს არის 20-ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც ყველა ოჯახი მიიღებს. მთავრობამ ანალოგიური პროგრამა გასულ წელსაც განახორციელა, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ პროგრამის გახორციელებაზე პასუხისმგებელი შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო იქნება.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში ცხელი ხაზი იმუშავებს და რაიმე პრობლემის შემთხვევაში მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს დაუკავშირდნენ: “მოსახლეობა ვაუჩერებს მიიღებს. 20-ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს გადაეცემა, თუმცა, მათ საშუალება ექნებათ, რომ საკუთარი ვაუჩერი სხვას გადასცენ”, _ აღნიშნავს ურუშაძე.