დღეს, როცა საქართველოში ძალიან დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება და ადამიანები სხეულის გადაციებით იღუპებიან, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩოხატაურის პოლიკლინიკა-საავადმყოფოს, შპს “ადითის” სამეანო და ქირურგიულ განყოფილებებში გათბობის სისტემა ჩართული არ არის. იქ ერთ ოთახში მოთავსებული არიან ახალშობილები და დედები, მეორე ოთახში _ მედპერსონალი, რომლებიც ელექტროგამათბობლით ცდილობენ ზამთრის სუსხთან გამკლავებას, მაგრამ თუ კი შუქიც გამოირთვება…
გარდა ამისა, როგორც ვიცით, შპს “ადითის” თანამშრომლებს რამდენიმე თვის ხელფასი ჯერ კიდევ მიუღებელი აქვთ. რაც შეეხება პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობის საფასურად სოლიდური თანხა აქვთ გადასახდელი, კითხულობენ, რისთვის, როგორი მომსახურებისთვის იხდიან ისინი ამ თანხას და დასძენენ, რომ, ალბათ, ისევ ძველ დროს დავუბრუნდებით, როცა პაციენტის პატრონს შეშა სახლიდან მოჰქონდა.