ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყება. პროექტი უკვე შედგენილია. არსებული სტადიონის ჩრდილოეთი ტრიბუნა, რომელიც ავარიულია, დაიშლება. არენას ტრიბუნები დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს ექნება. სპეციალისტები დაადგენენ, საჭიროა თუ არა დასავლეთ ტრიბუნის დანგრევა და თავიდან აშენება. სტადიონზე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების პრესისა და ვიპ-ლოჟები. ტრიბუნების ნაწილი გადაიხურება, დამონტაჟდება განათების სისტემა. სავარაუდოდ, მოხდება ადმინისტრაციული სახლის დემონტაჟი, სადაც ასევე განთავსებულია გასახდელები და სამსაჯო _ ისინი ტრიბუნის ქვეშ განთავსდება.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდება მინდვრის და სადრენაჟე სისტემის გამოცვლა. იმის გამო, რომ “გურია” საუმაღლესლიგო პლეი-ოფშია მოხვედრილი, მინდვრის გამოცვლა, სავარაუდოდ, ზაფხულში, შესვენებაზე გახორციელდება. ასევე, დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
“საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობა ლანჩხუთში მიმდინარე წლის გაზაფხულის მიწურულს დაიწყება და შემოდგომისთვის დასრულდება,” _ გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის ამ კომენტარს ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. რეგიონის პირველკაცის განცხადებით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მოთხოვნით, უკვე დასრულებულია ლანჩხუთის ახალი სტადიონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ლანჩხუთში საერთაშორისო დონის, უეფას და ფიფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას. როგორც გურიის გუბერნატორმა თქვა, ადრინდელ სტადიონთან შედარებით, ახალი სტადიონი ტევადობით პატარა იქნება და დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანს დაიტევს: “ახალი სტადიონის გარკვეული ნაწილი გადაიხურება და ლანჩხუთის ახალი არენა დიზაინითაც ძალიან ლამაზი იქნება,” _ ამბობს ჩიტაიშვილი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტადიონის გაკეთება პრიორიტეტად დაასახელა, რასაც მხარდაჭერა თავის მხრივ გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა გამოუცხადეს. თავის მხრივ, ნიკოლაიშვილი ქვეყნის პრეზიდენტმა გურიის აღორძინების ფონდის ხელმძღვანელად დაასახელა.