ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, ამომრჩევლების მიღება თვეში ერთხელ მაინც უნდა მოეწყოს.
ამომრჩევლების მიღების მიზნით, საკრებულოს წევრს ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში გამოეყოფა (მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში).
ასევე, საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა, რომ დასახლების საერთო კრებას, ვალდებულია ესწრებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ამ საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ადგენს დასახლების საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს. დასახლების საერთო კრების ოქმი წაკითხული უნდა იქნეს დასახლების საერთო კრებაზე და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და საკრებულოს წევრი, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი და კრების, არანაკლებ ხუთი მონაწილე. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა, საკრებულოს სხდომის დარბაზში მოხდება. შესაბამისი ოქმები და დოკუმენტები, უნდა გამოიკრას მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შენობასთან განთავსებულ სპეციალურ სტენდზე და გამოქვეყნდეს გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდსა და გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან.