ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ დრომდე გრძელდება მოქალაქეების დაკითხვა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც არც ერთ პარტიასთან არ აქვთ კავშირი.
“პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით, დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად”, _ წერია უწყებაში, რომელიც არაერთმა მოქალაქემ 11 მარტს მიიღო. საინტერესოა, რომ ეს უწყება დევს კონვერტში, რომელსაც არ აწერია კონტროლის პალატის მისამართი, ხოლო თავად უწყება არ არის დაბეჭდილი კონტროლის პალატის ბლანკზე, არ არის მითითებული რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციაში გატარების თარიღი. უწყებას ხელს აწერს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, ვინმე გიორგი ამირანაშვილი.
ამ შინაარსის უწყება, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ლანჩხუთში მცხოვრებ 19, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 მოქალაქეს მიუვიდა. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც არანაირი შეხება არ აქვთ პოლიტიკურ პარტიებთან. უბრალოდ ოპოზიციურად განწყობილ პირებთან მეგობრობენ ან ენათესავებიან.
კითხვები, რომელსაც კონტროლის პალატის სახელით სვამენ, ძირითადად, ივანიშვილის მოქალაქეობას და ფინანსებს შეეხება.
_ რამდენი აიღე ხელწერების შეგროვებისთვის? გაზეთს “ქართულ ოცნებას” რომ არიგებ, ამისთვის რამდენ ლარს გიხდიან? რამდენი გადმოერიცხა პარტიას? რამდენია თქვენს მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიის წევრი? რამდენი ხელწერა შეაგროვეთ? ვინ და რამდენ ეგზემპლარს ავრცელებს გაზეთს “ქართულ ოცნებას”?
დაკითხულების თქმით, მუქარასთან და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ერთად, ჩხრეკის უმსგავს ფაქტებს აქვს ადგილი.