ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ათამდე მოქალაქე იკითხება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ლელა ნაცვალაძეს, საკრებულოს შენობაში შესვლის შესაძლებლობას ამ დრომდე არ აძლევენ.
_ ჩემს გარდა, შენობაში შეუშვეს საკრებულოს ხუთი დეპუტატი. ვცდილობ გავარკვიო რა ხდება და რატომ მიზღუდავენ უფლებას შევიდე ადმინისტრაციულ შენობაში. დავუკავშირდი მხარის გუბერნატორს, რომელმაც მითხრა, რომ მხოლოდ დღეს მეკრძალება შენობაში შესვლა, რადგან არ მაქვს მოქალქეების მიღების დღე. ამის შემდეგ დავუკავშირდი ილია ვაშაყმაძეს, მან მითხრა, რომ შეხვედრაზეა და მე როგორც საკრებულოს წევრმა საკრებულოს თავმჯდომარეს უნდა მივმართო. ამ უკანასკნელმა კი ტელეფონი გამითიშა. შემდეგ დამირეკა აპარატის უფროსმა, რომელმაც მითხრა, რომ განმემარტა მისთვის ვისთან ვგეგმავ შეხვედრას, მეთქვა დაცვისთვის და შემიშვებენ. როგორც გითხარით, ამ დრომდე ვერ შევდივარ შენობაში. დავრეკე ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში. მან შემახსენა, ხომ იცით რაც ხდება. ჯერჯერობით ვერ გავარკვიე რატომ არ გიშვებენ და მოგვიანებით დაგიკავშირდებითო. ამის შემდეგ ვესაუბრე პარლამენტარ ვახტანგ ბალავაძეს, ბალავაძეც შემპირდა სიტუაციაში გარკვევას და ამ დრომდე არ დამკავშირებია, _ გვითხრა ნაცვალაძემ.
ამ წუთებში დაკითხვაზე 10 მოქალაქე ჰყავთ შეყვანილი.