ეროვნული ფორუმის ჩოხატაურის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ჯინჭარაძის განმარტებით, ეკატერინე ხვედელიძის და ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით შეგროვებულ ხელწერებში მას თანხა არ აუღია:
_ ხელმოწერები, იური ვაზაგაშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით გაკეთდა და ამაში ფული, არც მე და არც ჩემი პარტიის წევრებს არ აგვიღია, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
იგივე ამბობს, ეროვნული ფორუმის მხარდამჭერი, მასიკო გიორგაძე, რომელმაც 80-მდე ხელმოწერა შეაგროვა.
ორივე მათგანი კონტროლის პალატამ 13 მარტს დაკითხა და რამდენიმე საათიანი დაკითხვის მთავარი თემა სწორედ ხელმოწერების გაკეთებაში აღებული ფული იყო:
_ მეუბნებოდნენ ახლა მოვიყვანთ კაცს, რომელიც იტყვის, რომ შენ ხელმოწერების გაკეთებაში ფული გადაგიხადა. ეს შეუძლებელია, რადგან ერთი თეთრიც კი არ ამიღია ამაში. ხელმოწერების შეგროვება არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით გაკეთდა. ეს გარკვევით ვუთხარი კონტროლის პალატის წარმომადგენლებს და ვეტყვი სხვებსაც, რადგან სიმართლეა, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას გიორგაძემ.