“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან კალანდაძე გურიის რეგიონში იმყოფება და მოსახლეობას ხვდება. დღეს იგი მოსახლეობას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გორაბერეჟოულში, ჩაის უბანსა და ახალშენში შეხვდება.
კალანდაძე გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ახალსოფლისა და ხაჯალიას მოსახლეობას შეხვდა.
ლევან კალანდაძის განცხადებით, გარდა იმ პრობლემებისა, რომლებიც ტრადიციულია ქართული სოფლებისთვის _ საწვავის, ტრაქტორის, სასუქის და შხამ-ქიმიკატების ხელმიუწვდომლობა, მკურნალობისა და მედიკამენტების სიძვირე, მძიმე სოციალური ფონი, ახალსოფელსა და ხაჯალიაში ძალიან სერიოზული პრობლემაა წყალი. მოსახლეობას რამდენიმე კილომეტრიდან უწევს წყლის მოზიდვა.
მისივე თქმით, რეგიონში აშკარად არის გამოკვეთილი, რომ მიმდინარეობს უმწეოთა სტატუსის მასობრივად მოხსნა და მოსახლეობისთვის ამ სტატუსის მიღების გართულება. ეს მაშინ, როდესაც გურიის სოფლებში, ბოლო წლებში მწირი მოსავლის გამო, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება.