გურიაში, კერძოდ, ოზურგეთში, დაიწყო ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის ტაძრის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება. ხელმოწერებს ნატანებელი ამირან ბაქანიძე, ძმასთან ერთად, აგროვებს.
_ ჩვენ არც ერთ ორგანიზაციას არ წარმოვადგენთ _ მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე გადავდგით ეს ნაბიჯი, _ უთხრა “გურია ნიუსს” ამირან ბაქანიძემ, _ ეს ყველაფერი სხვა ქვეყნის დაინტერესების გამო კეთდება და არ არის ქართული საქმე. აზიზიე დამპყრობელი იყო და მისგან მიტაცებული აჭარის საქართველოსთვის დასაბრუნებლად უამრავი ქართველის სისხლი დაიღვარა. თვით მაჰმადიანი ქართველები აპროტესტებენ ამას.
ხუთ დღეში 1200 ხელმოწერა გაკეთდა. ჯერ, მხოლოდ ნატანებიდან დავიწყეთ. 31 მარტს, ბათუმში, წინააღმდეგობის ფრონტი, დღის 4 საათზე იკრიბება აღნიშნული მშენებლობის გაპროტესტების მიზნით და ვისაც სურს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა, შეუძლია, მოვიდეს, _ გვითხრა ამირან ბაქანიძემ.