22 მარტს, ლანჩხუთში, კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა. ოფისის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კოალიციის წარმომადგენლები გიორგი ვოლსკი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი და “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვიქტორ დოლიძე.
პრეზენტაცია გახსნა ლანჩხუთელმა “რესპუბლიკელმა” რომან ბიწაძემ. მან დამსწრეებს ჩამოსული სტუმრები წარუდგინა, მოკლედ ისაუბრა ადგილობრივ გაერთიანებაზე და სიტყვა გიორგი ვოლსკის გადასცა.
აღმოჩნდა, რომ ვოლსკის შორეული პოლონელი წინაპარი სწორედ ლანჩხუთში გადმოუსახლებია ცარიზმის რუსეთს და გურია და ლანჩხუთი მისთვის მშობლიური კუთხე ყოფილა.
ვოლსკიმ ზოგადად ილაპარაკა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დეფიციტზე; ყურადღება გაამახვილა სამედიცინო სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, რაც ყველაზე მძიმედ აისახება ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე; ისაუბრა იმ გეგმებზე, რომელიც კოალიციას სამომავლოდ აქვს დასახული. ვოლსკის არც ის რეიტინგები გამორჩენია მხედველობიდან, რომელიც პრეზენტაციის წინა დღეს გადაიცა სახელმწიფო ტელევიზიებით და რომელშიც გამოკითხული მოქალაქეების 70% ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას მოითხოვდა.
დავით ბერძენიშვილისა და ვიქტორ დოლიძის ვიზიტიც, ალბათ, მათი გურულობის გათვალისწინებით გადაწყდა. ყოველ შემთხვევაში, თავად ისინი სწორედ ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. დავით ბერძენიშვილმა შეახსენა საზოგადოებას, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის თავმჯდომარე სწორედ ლანჩხუთელი ნოე ჟორდანია იყო, ხოლო ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტზე რამდენიმე გურულის ხელმოწერაა, როგორც პოლიტიკოსების, ისე საზოგადო მოღვაწეებისა.
ბერძენიშვილმა ისაუბრა მისი პარტიის წარსულსა და ღვაწლზე. მან, ასევე, ისაუბრა, რომ აუცილებელია, ხალხი მომავალ არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაში დარწმუნდეს.
ვიქტორ დოლიძის გამოსვლა შედარებით მოკლე იყო _ მან, ძირითადად, ბრალი დასდო ხელისუფლებას დანაშაულებრივ ქმედებებში, თქვა, რომ ქვეყანაში არის არადემოკრატიული გარემო და აუცილებელია ამ ყველაფრის შეცვლა.
ბოლოს, საზოგადოებას წარუდგინეს გაერთიანებული ოპოზიციური კოალიციის ლანჩხუთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სოსო ბოლქვაძე. ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა შეკრებილებს და თქვა, რომ დღეიდან კოალიციის ოფისის კარი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის.