ოზურგეთში, აპრილში, ოთხი ოზურგეთელი ხელოვანის ვარსკვლავი გაიხსნება. ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან” ოზურგეთის გამგეობის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა მაია თანდილაშვილმა დაადასტურა. თავდაპირველად, სამი ვარსკვლავი იხსნებოდა, მაგრამ ახლა კიდევ ერთი _ ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავი, შეემატა.
მაია თანდილაშვილი: _ 20 აპრილს იხსნება ქორეოგრაფ ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავი, 27 აპრილს კი მსახიობების _ გაბრიელ მდინარაძის, ამირან ქადეიშვილის და ხელოვანის ვასილ ჩიგოგიძის ვარსკვლავები.
_ ქალბატონო მაია, ეს ვარსკვლავები სად იქნება განლაგებული?
_ როგორც მე ვიცი, თეატრის წინ. კულტურის სამინისტროდან უნდა ჩამოვიდნენ და ზუსტი ადგილები მაშინ შეირჩევა.
_ რა კრიტერიუმით შეირჩა ეს ხალხი?
_ დამსახურებების მიხედვით. ბატონ გაბრიელს სახალხო არტისტის წოდება აქვს მინიჭებული, ჯუმბერისაც აქვს გარკვეული დამსახურებები და საერთოდ, თითოეულ მათგანს დამსახურებები აქვს.
_ სხვაც იყო ამ შერჩევის დროს დასახელებული თუ მარტო ამ ოთხ ადამიანზე შეჩერდა ყურადღება?
_ სხვა არ ვიცი. მაგათ აქვთ იმდენი დამსახურება, რომ გაიხსნას მათი ვარსკვლავი.
_ იქნებ, ვასილ ჩიგოგიძის დამსახურების შესახებაც გვითხრათ?
_ ახლა, სამწუხაროდ, ვმუშაობ და ვერ გაგცემთ პასუხს, _ გვითხრა მაია თანდილაშვილმა.
როგორც ოზურგეთის დრამატული თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა გვითხრა, “ვარსკვლავები” რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის სიმპათიის მიხედვით შეირჩა.