“ოთახი სავსე იყო სპეცრაზმელებით, ყველა მათგანს ნაქსოვი შავი ნიღაბი ეკეთა, შავი ქურთუკი ეცვა და ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა ავტომატი. იატაკზე დაყრილი ხალხი პანიკაში იყო, სპეცრაზმელები ოთახში დააბოტებდნენ და ტელეფონებს აგროვებდნენ, ცდილობდნენ ჩვენი ხმა თავიანთი ღრიალით დაეფარათ. მაგიდაზე ხელკეტებს ურტყამდნენ და ოთახში შეყრილ გოგონებს “ბადრის მუტ…ს” გვეძახდნენ. ტელევიზორში, რომელიც “ქრონიკის” ოთახის კუთხეში იდგა, ჯერ კიდევ ჩანდა საინფორმაციო სტუდია, დაბნეული სპეცრაზმელები ღრიალებდნენ: “ესენი ისევ ეთერში არიან, ამათი დედა მოვტ..ო…
ზედა სართული თითქმის დაცლილი იყო თანამშრომლებისგან. “ნიუს რუმში” იარაღიანმა თავდამსხმელმა შემიყვანა, სადაც სკამებზე ისხდნენ საეთეროდან გამოყრილი ჩემი თანამშრომლები, მათ შორი იყო ჩემი ფეხმძიმე მეგობარი, დიანა ტრაპაიძე, რომელზეც განსაკუთრებით ვნერვიულობდი. მთელ შენობაში საშინელი პანიკა სუფევდა. გოგონები ტიროდნენ. ჩვენს გაჩუმებას ჩვენი თავდამსხმელები “ბადრის მონებოს” ძახილით ცდილობდნენ. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა… ” _ ეს ახსნა-განმარტება თეა ადეიშვილმა ადვოკატებს შალვა შავგულიძეს და სოსო ბარათაშვილს პროკურატურაში წარსადგენად მისცა.
თეა ადეიშვილთან ერთად, პროკურატურაში წარსადგენად 130 ჟურნალისტის ჩვენება იდო იმ საქმის მასალებში, რომელმაც დღის სინათლე ვერ იხილა.
ამ 130 ჟურნალისტიდან ევროსასამართლოში მხოლოდ 10 ჟურნალისტის საჩივარი შევიდა ისიც 2010 წელს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროსასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო. თუმცა, საქმის წარმოებაში მისაღებად 2 წელი საკმაოდ დიდი ვადაა, რადგან პასუხი ევროსასამართლოდან წარმოებაში მიღების შესახებ რამდენიმე თვეში მოდის ხოლმე.
ადვოკატ ლია მუხაშავრიას განცხადებით, სტრასბურგში 10 ჟურნალისტის საჩივარი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელ საქმეებად გაიგზავნა. “იმედის” ყოფილი ჟურნალისტები – გიორგი ახვლედიანი, ჯონი კალანდაძე, ანა გოჩაშვილი, ნინო ცხვარაშვილი, ნინი საყვარელიძე, თეა სიჭინავა, ირაკლი მოსეშვილი, თენგო მეზურნიშვილი, გიორგი რუხაძე და დიანა ტრაპაიძე სტრასბურგში 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიაში შეჭრისას და მაუწყებლობის გათიშვისას სამართალდამცავთა მიერ მათი უფლებების დარღვევას ასაჩივრებენ.
მომჩივანთა აზრით, სამართალდამცავებმა ტელეკომპანიაში შეჭრით დაარღვიეს მათი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, გახდნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი, რაც სახელმწიფომ შესაბამისად არ გამოიძია.
სახელმწიფო და ადგილობრივი სასამართლოები “იმედის” ჟურნალისტების დიდ ნაწილს არც შეუწუხებია და არც თავი შეუწუხებიათ იმით, რომ მათი საქმე გამოძიებული ყოფილიყო.
იმედის ჟურნალისტების ერთი ნაწილი საჯარო სამსახურების პრესსამსახურებში დაასაქმეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მეორე ნაწილი ნაციონალურ ტელევიზიებში გადავიდა სამუშაოდ ლამის გაათმაგებული ხელფასებით, მესამე ნაწილი კი პარლამენტში გადავიდა, სადაც ახლა საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენენ. საუბარია ქრისტიან-დემოკრატიულ ფრაქციაზე.
ტელეკომპანია “იმედის” მაშინდელი ადვოკატი შალვა შავგულიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას იხსენებს, რომ საქმე მთლიანად მზად იყო სტრასბურგში გასაგზავნად, მაგრამ ტელევიზიის ხელმძღვანელობამ საჩივარს ხელი არ მოაწერა.
უფრო მეტიც, ისინი ადვოკატებისგან მოითხოვდნენ, თავად მათ ეთქვათ უარი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე, რაზედაც ადვოკატებისგან კატეგორიული უარი მიიღეს.
“მე და სოსო ბარათაშვილმა ვეებერთელა საჩივარი დავწერეთ, სადაც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის გარდა, საუბარი იყო უამრავ სხვა სამართალდარღვევაზეც. მოიცავდა ტელევიზიის მიმართ ადმინისტრაციულ დავებსაც.
საჩივარი ჩაბარდა ტელევიზიის ხელმძღვანელობასაც და სამეთვალყურეო საბჭოსაც. მაშინ უკვე ჯოზეფ კეი ხელმძღვანელობდა ტელევიზიას.
შემდეგ, როგორც ვიცი, ჟურნალისტების მხრიდან რაღაც ინდივიდუალური საჩივრები გაიგზავნა სტრასბურგში.”
ადგილობრივი სამართალწარმოებისთვის მაშინ არავის მიუმართავს. არც ადმინისტრაციული დავები გაუგრძელებია ვინმეს და არც პროკურატურაში გაუგრძელებია ვინმეს ჩივილი იმ მოტივით, რომ საქმე აღძრულიყო.
შალვა შავგულიძე: “ჩვენ მოვამზადეთ ერთიანი სარჩელი “იმედის” სახელით, რომელსაც თან ახლდა ყველა ის 130 ახსნა-განმარტება, რომელიც ჩვენ ჟურნალისტებისგან მივიღეთ, სადაც აღწერდნენ, რა მოხდა იმ დღეს, 2007 წლის 7 ნოემბერს…”
ამ 130 ჟურნალისტს შორის იყო “დროების” ჟურნალისტი, მაია ასათიანი: “უეცრად გავიგონე ხმაური. პირველ სართულზე ასვლისთანავე დავინახე, რომ შენობის ფოიე შავ სამოსსა და ამავე ფერის ნიღბებში ჩაცმულ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ადამიანებს დაეკავებინათ. მივხვდი, რომ ზემოთ პირველ სართულზე ასვლას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ ისევ უკან სასადილოში გამოვიქეცი. ასევე სირბილით ეგრეთწოდებული სპეცრაზმელები მომყვებოდნენ
კიბეებზე ასვლის დროს დავინახეთ, რომ შენობა შავებში ჩაცმულ შეიარაღებულ ნიღბოსნებს დაეკავებინათ. მათ კიბეებზე ჩამოყავდათ, ბადრი პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელი, პაატა ჩახნაშვილი, “იმედის” საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი, გიორგი თარგამაძე, გადაცემა “დროების” მთავარი პროდიუსერი, ლევან ვეფხვაძე…”
ლევან ვეფხვაძე: “მესამე სართულის დერეფანში გაისმა შეძახილი “ყველანი ძირს” და გამოვედი დერეფანში. დავინახე სამი ადამიანი შავი სპეცრაზმელის ფორმაში და სახეზე ნიღბით. მათ ეკიდათ ჩემთვის უცნობი ტიპის პატარა ზომის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, პირველი შეძახილი იყო “დროზე იატაკზე დაწექით”.
… მე დერეფნის გასწვრივ ვუყურებდი შავფორმიანების სართულზე მოძრაობას. მესამე სართულიდან ჩანს ნიუსის სტუდია და ისინი როგორც ჩანს უყურებდნენ თარგამაძეს. ჩემს გვერდით მდგომმა, ჩემზე დაბალი, თუმცა საკმაოდ ჩასმული აღნაგობის შავნიღბიანმა მომცა შენიშვნა “ნუ იყურები!” როცა ამ ბრძანებას არ დავემორჩილე, ჩემთან მოვიდა უფრო ასაკოვანი, დაახლოებით 45 წლის შავნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა ელექტროშოკი და მითხრა: “ხომ იცი რა არის საჭირო, რომ პრობლემები არ შეგექმნას? შეტრიალდი და არ მობრუნდე”
ლევან ჯავახიშვილი: “დაახლოებით 15 ადამიანი საეთეროდან პირველ სართულზე ჩამოგვიყვანეს, სადაც უამრავი ადამიანი მიწაზე იყო დაწვენილი ისე, როგორც ეს მხატვრულ ფილმებშია. მათ თავზე ნიღბიანები ედგნენ და იარაღის ლულები ჰქონდათ მიშვერილი. ზოგიერთი სპეცრაზმელი გოგონებს აგინებდნენ თქვე “ბადრის პუტანკებოო”. მე ერთ-ერთმა ნიღბიანმა მითხრა: “დაგენძრათ ბადრის ლეკვებოო”, თან ავტომატის კონდახი მომიღერა.
…როდესაც ლუბლიანას ქუჩაზე გამოგვიყვანეს, კარები ჩაგვიკეტეს, უცებ გინება და სროლის ხმა გავიგე. ლუბლიანას ქუჩაზე სპეცრაზმი ე.წ რობოტები იდგნენ და ჩვენს დასარბევად გამოემართნენ. მე გაქცევა ვერ მოვასწარი, ორი ტყვია (რეზინის) ფეხებში მომხვდა. როცა შემოვტრიალდი და გავიქეცი ორი რეზინის ტყვია ზურგში მომარტყეს, თან გვაგინებდნენ. დაახლოებით 10-12 წუთი საავადმყოფოებამდე გვდიეს. თავს დიღმის მანქანის ბაზრობაზე გაქცევით ვუშველე … “
ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთ ჟურნალისტს არ გაუსაჩივრებია საქმე სტრასბურგში.
იმედის მაშინდელი ადვოკატი “გურია ნიუსთან” საუბრისას იხსენებს იმასაც, როგორ თხოვა მას ბადრი პატარკაციშვილმა, გაეკეთებინა ყველაფერი, მიემართა ყველანაირი სამართლებრივი მექანიზმისთვის, რათა ტელეკომპანია “იმედი” გადარჩენილიყო.
პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ შალვა შავგულიძეს უთხრეს, შეეტანა განცხადება ბადრი პატარკაციშვილის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნით, რაზედაც ადვოკატმა კატეგორიული უარი განაცხადა.
“რაც შეეხება ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, არც მედიის სათანადო ყურადღების ქვეშ მოექცა და სამწუხაროდ, არც ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ გამოხატა აქტიური პოზიცია, რომ სისხლის სამართლის საქმე გაგრძელებულიყო და ბოლომდე მისულიყო. ასე რომ მომხდარიყო, მერწმუნეთ უფრო თვალსაჩინო გახდებოდა ვიდეომასალის მონტაჟიც და სხვა სიყალბეებიც, რაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, უხვად მოიპოვებოდა. საუბარია გაყალბებულ და დაუშვებელ მტკიცებულებებზე, რომელზეც მთელი ბრალდება იყო აგებული. ასეთ შემთხვევაში, შედეგი სულ სხვა იქნებოდა. სამწუხაროდ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხერხდა.”
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე განცხადების შეტანა კი ნიშნავდა იმას, რომ საქმე დაიხურებოდა და ბადრი პატარკაციშვილს დარჩებოდა ის ბრალი, რაც წაყენებული ჰქონდა _ ქვეყნის ღალატი!
ასეც მოხდა. პატარკაციშვილის ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ…
P.S. 2010 წელს შეტანილ საჩივარზე ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი ჟურნალისტების საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კომუნიკაციის ეტაპი 2012 წლის 2 აპრილს დაიწყო.
არადა “იმედის” იმ საქმეზე, რომელმაც დღის შუქი ვერ იხილა, დღეს უკვე შესაძლოა სტარსბურგის გადაწყვეტილება ყოფილიყო.