5 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, შედგა ქალაქ ოზურგეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია, რომელიც ევროკავშირის პროექტის “ქალაქის მდგრადი განვითარება” ფარგლებში ხორციელდება.
პრეზენტაციას უძღვებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, როგორც ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლები, ისე უკრაინელი მეგობრები: ქალაქ უკრაინკის მერი პაველ კოზირევი, პროექტის _ “ქალაქის მდგრადი განვითარება” _ დირექტორი, ვალენტინა პოლტავეცი, უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ აკიმოვი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის” თავმჯდომარემ, მინდია სალუქვაძემ ფოტო-სლაიდებით წარმოადგინა ქალაქ ოზურგეთის განაშენიანების გეგმა, ისაუბრა სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში ჩამოყალიბებულ ხედვებსა და განვითარების პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებზე.
უკრაინელებმა სიყვარულით ისაუბრეს ოდინდელ მეგობრობასა და მომავალში მისი გაგრძელების აუცილებლობაზე.
ოზურგეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა შემუშავდა პროექტის ფარგლებში დაფუძნებული სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მედიის წარმომადგენლები.
პროექტს “ქალაქის მდგრადი განვითარება” ახორციელებს უკრაინკის ქალაქის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, უკრაინის, ბელორუსიის, ლატვიის და საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობით. მისი მიზანია, ბელორუსიის, საქართველოს და უკრაინის პატარა ქალაქების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.