ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიურობაზე და სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაზე ჩვენი გაზეთი წინა ნომერშიც წერდა. სწორედ, მსგავსი პროექტის ფარგლებში, გასულ კვირას პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურებში იყვნენ და საჯარო მოხელეების მუშაობას გაეცნენ.
რა პროექტზეა საუბარი და როგორ შეარჩიეს მოსწავლეები, ამის შესახებ ჩვენ პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელს და პროექტების ხელმძღვანელს, მაია გოგოლაძეს ვესაუბრეთ.
_ პროექტი _ “ერთი დღე საჯარო სამსახურში” _ რეგიონის პროკურატურამ განახორციელა 2012 წლის 29 მარტს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან ერთად. მასში მონაწილეობა მიიღო გუთურის და პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა. შერჩევა მოხდა სურვილისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანუ, ძირითადად, რა სფეროები აინტერესებს მოსწავლეებს. მოსწავლეებმა ერთი საინტერესო დღე გაატარეს ჩოხატაურის პოლიციაში, გამგეობასა და საჯარო რეესტრში. გაეცნენ მუშაობის პრინციპსა და სტრუქტურას. საინტერესო პროექტი იყო.
_ საჯარო სამსახურების ხელმძღვანელობამ როგორ მიიღო ეს პროექტი?
_ ძალიან კარგად. არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა არცერთი საჯარო სამსახურის ხელმძღვანელისგან. პირიქით, გულდასმით აუხსნეს ბავშვებს მუშაობის პრინციპები, რა ევალებათ და ა.შ.
_ გარდა პირველი და გუთურის საჯარო სკოლებისა თუ იყო ამ პროექტში ჩართული სხვა სკოლები?
_ მხოლოდ ჩვენი და გუთურის სკოლა იყო. ჩემი აზრით, სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა მოსწავლეების აქტიურობითაცაა გამოწვეული.
_ ქალბატონო მაია, სასკოლო სამოქალაქო განათლების კლუბზეც ვისაუბროთ…
_ ჩვენს სკოლაში 2010 წელს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა სამოქალაქო განათლების კლუბი. ამ პროექტს ახორციელებს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და მასში გურიის რეგიონში 133 სკოლაა ჩართული. ხორციელდება პედაგოგთა გადამზადება სხვადასხვა საკითხებში _ ეს არის პროექტების წერა, დამატებითი ფონდების მოძიება და ა.შ. კლუბს შედგენილი აქვს თვის სამUშაო გრაფიკი. მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ ვიწვევთ კომპეტენტურ პირებს სტუმრად. შეხვედრები ეწყობა, როგორც სკოლაში, ისე გამგეობაში. და ა.შ. ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა განახორციელა სხვადასხვა საინტერესო პროექტები და ღონისძიებები. მოიგო ორი პროექტი, ასევე მცირე გრანტები და შევიძინეთ კლუბის ოთახისთვის სკამები და სხვა საჭირო ინვენტარი. ახლა კიდევ მოვიგეთ მცირე გრანტი და ამ თანხით, კლუბისთვის მიკროფონის და ნოუთბუქის შეძენას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეების ინიციატივა სკოლისთვის ტროტუარის გაკეთებაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოისმინა და რამდენიმე ხანში მისი განხორციელებაც დაიწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სკოლის ჭიშკარი ქუჩაში გადის და გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისთვის, _ გვითხრა გოგოლაძემ და დასძინა, რომ სასკოლო სამოქალაქო კლუბის ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული წევრის მიერ საქმიანობის სწორი გააზრება, ჩართულობა და პასუხისმგებლობა.