(21-ს ქვევით) _ “დღევანდელ ღონისძიებას არა აქვს პრეტენზია იმისა, რომ იყოს საუკეთესო, მაგრამ ჩვენ გვსურს, საფუძველი ჩავუყაროთ ახალ, მნიშვნელოვან სასკოლო პროექტს და ტრადიციული გავხადოთ ის”, _ ასე დაიწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილმა ქეთევან კუბლაშვილმა ღონისძიება.
კუბლაშვილის თქმით, ღონისძიების მიზანი ტრადიციების და საკუთარი გენიალოგიისადმი პატივისცემის გაღვივებაა.
_ ჩვენი მიზანია მშობლების, მოსწავლეთა ოჯახის წევრების, სკოლის კურსდამთავრებულების ჩართვა სასკოლო ღონისძიებაში, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების წარმოჩენა და მოტივირება, _ აღნიშნა კუბლაშვილმა.
ახალი პროექტის თანახმად, პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი საღამოები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავიანთი ოჯახის წევრებიც მიიღებენ.
პირველ ღონისძიებაზე XI კლასის მოსწავლის, მარიამ თავართქილაძის შემოქმედებითი საღამო შედგა, რომელსაც დღე ოჯახის წევრებმა გაულამაზეს. მარიამის სტუმრები იყვნენ: დედა, და, მამიდა, ბაბუა და ოჯახის უახლოესი ადამიანები, რომლებსაც პირველი საჯარო სკოლა აქვთ დამთავრებული.
მარიამის გენიოლოგიური ხე ბევრ ტოტს მოიცავს.
როგორც მარიამი გვიყვება, მისი ოჯახის ტრადიციები საქვეყნოდ ცნობილია.
_ ჩემი დიდი ბაბუა, შუშუნი თავართქილაძე უსანათლო იყო. მიუხედავად უსინათლობისა ფორტეპიანოს უბადლო ამწყობი გახლდათ. მასთან სხვადასხვა რაიონიდან მოდიოდნენ დახმარების სათხოვნელად. იგი ცნობილი იყო თავისი შემოქმედებით _ უკრავდა, მღეროდა, ლექსებს წერდა, _ აღნიშნა მარიამ თავართქილაძემ ჩვენთან საუბრისას.
მარიამის ბაბუა, კოტე თავართქილაძე, მამის მსგავსად, წერს, მღერის, უკრავს და ახლა ამ ყველაფერს შვილიშვილებთან ერთად აკეთებს. ასევე კარგად მღერის და უკრავს მარიამის მამიდა, ბიძა, მამიდაშვილი.
პირველ საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიების მთავარი გმირი, თავის დაიკოსთან ერთად, გენიალოგიის ბიბლიურ ხეზე მართალია, ნორჩი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ყლორტია, რაც აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.