ჩოხატაურის აგრარული ბაზრის ჩოხატაურელი მოვაჭრეები, ხელისუფლებისგან რამდენიმე წელია დახმარებას ითხოვენ _ მათი თქმით, სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოვაჭრეები ბაზრის გარეთ დგანან, რაც მათ ვაჭრობაში ხელს უშლის.
_ “საძროხეში” შეგვყარეს, გარეთ ჩვენ არ გვაჩერებენ, თუმცა, სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულ ხალხს უარს არ ეუბნებიან. ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოუწესრიგებელია _ მეორადი ტანსაცმელი ქათმებთან და ღორებთან ერთად იყიდება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ იქ ფეხით გავლა შეუძლებელია _ ადრიანი დილიდან, იკეტება მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრეების მიერ ის შემოსასვლელი, სადაც ტანსაცმლის ბაზრობაა. როცა ამის გამო მათ საყვედური ვუთხარი, დამემუქრნენ, ზაზა ბასალიას (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალური ფრაქციის თავმჯდომარე. ავტ.) მოიყვანდნენ და ცუდ დღეში ჩამაგდებდა. ყოველ კვირას ასეთ დღეში ვართ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნათელა სიხარულიძემ.
მოვაჭრეების თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ბაზრის გარეთ მოვაჭრე ადამიანები, ხელისუფლების და პოლიციის წარმომადგენლების სახელით იმუქრებიან და ამბობენ, რომ მათ ამის უფლება სწორედ მას მისცეს.
ზაზა ბასილიამ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა; კომენტარი არც იმ ძალოვნებმა გააკეთეს, რომლებიც, ჩოხატაურელი მოვაჭრეების თქმით, გარე მოვაჭრეებს ლობირებენ და ამ ინფორმაციას ჭორი უწოდეს.
ჩოხატაურის აგრარული ბაზრის დირექტორის, გია სიხარულიძის თქმით, ეს საკითხი ამ კვირაში უკვე მოგვარებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა უკვე წლებია, რაც დგას, სიხარულიძის მტკიცებით, ამ დრომდე გარე ვაჭრობის აკრძალვაზე მოთხოვნა არ იყო.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურელმა მოვაჭრეებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დახმარება გასულ კვირას სთხოვეს: _ გასული კვირის ოთხშაბათს, ჩემთან ნამდვილად იყვნენ ქალბატონები და გარე ვაჭრობის მოწესრიგება მთხოვეს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, გარე ვაჭრობა, ნებართვის გარეშე ითვალისწინებს ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას, რომლის ოქმს, იგივე კანონის შესაბამისად ადგენენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები. კვირას, აღნიშნულის შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება მივეცით გარე მოვაჭრეებს და ამ კვირის ბოლოს რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი სტრუქტურები, _ გვითხრა იმედაშვილმა.