“ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალის მმართველად, გასულ კვირას, ლაშა ასათიანი დაინიშნა. 31 წლის ასათიანს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.
იგი, 5 წელია, რაც საბანკო სექტორში მუშაობს და “ლიბერთი ბანკის” ოზურგეთის ფილიალში ყველა ტიპის სესხების საკრედიტო ექსპერტი იყო.
ასათიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბანკის ჩოხატაურის ფილიალში მომსახურება და კლიენტებთან ურთიერთობები გაუმჯობესდება. აღსანიშნავია, რომ “ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალის ოპერატორებს ჩვენი მკითხველები ხშირად საყვედურობენ. ახალი ხელმძღვანელის თქმით, ყველა ოპერატორი საკუთარ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს და კლიენტებს საყვედურის საბაბს არ მისცემენ.
მისივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე ბანკის ფილიალის შენობის რემონტი იგეგმება, ხოლო კურორტ ბახმაროში სერვისცენტრი ან ექსპრეს-ცენტრი განთავსდება.