ამ დრომდე მოქმედებდა 2011 წლის 10 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე 90 დღით ყოფნა შეეძლო. თურქეთის მხარეს, ქვეყანაში შესვლის სხვა ვადები არ განუსაზღვრავს, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, რამდენიმე დღეში ისევ უკან ბრუნდებოდნენ.
თურქეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, არაოფიციალური მონაცემებით, ნახევარ მილიონს აჭარბებს. ამის ოფიციალური სტატისტიკა ქართულ მხარეს არ გააჩნია. უცნობია ისიც, რამდენი გურულია წასული თურქეთში ოჯახის გამოსაკვებად, თუმცა, ცნობილია, რომ ეს რიცხვი ძალიან დიდია _ გურიის თითქმის ყველა მესამე ოჯახიდან, მინიმუმ ერთი წევრი თურქეთში მუშაობს. არის შემთხვევები, როცა მეზობელ ქვეყანაში ოჯახის ორი წევრიც არის წასული სამუშაოდ.
ცნობილია ისიც, რომ ამ ადამიანებს, თურქეთში დიდი ფიზიკური შრომის ფასად უწევთ ფულის შოვნა. ბევრი მათგანი თურქების მხრიდან სასტიკ მოპყრობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლუკმა პურის შოვნა, დამცირების და შეურაცხყოფის ფასად უწევს. თუმცა, ამ ადამიანებს სხვა გზა არ აქვთ _ საქართველოში მათთვის სამუშაო ადგილი ვერ მოინახა.
შესაბამისად, თურქეთის მიერ მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ ყველაზე მეტად ქართველები დააზარალა.
თავდაპირველად ითქვა, რომ ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ეს ცვლილება საქართველოს მოქალაქეებს არ შეხებოდა _ ხელისუფლების თქმით, თურქეთის მხარესთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქართველოსთვის გამონაკლისის დასაშვებად. მაგრამ, როგორც გაირკვა, მოლაპარაკებები (თუკი, მსგავსი რამ საერთოდ არსებობდა) უშედეგოდ დასრულდა.
გასული კვირიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თურქეთიდან რამდენიმე დღის დაბრუნებულები იყვნენ, საზღვარზე აღარ გადაუშვეს და სამი თვით დასვენება შესთავაზეს:
_ ვიცოდით, რომ ეს ცვლილება საქართველოს მოქალაქეებს არ შეეხებოდათ. ბევრჯერ მივმართეთ საკონსულოს, გვამშვიდებდნენ, პრობლემები არ იქნებაო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ძალიან შეწუხებული ვარ. არ ვიცი, რა უნდა ვქნა, რით გამოვკვებო ოჯახი, _ გვითხრა გელა აბაშიძემ, რომელიც თურქეთში სამუშაოდ 4 წელია დადის.
მსგავსი პრობლემა აქვს ლია სალუქვაძესაც. იგი ამბობს, რომ მათი 7-სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი თურქეთში არაადამიანური შრომა იყო:
_ ერთი წლის განმავლობაში ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და დედამთილი სამსახურიდან დაითხოვეს. აღმოჩნდა, რომ ასაკიანი ხალხი არ სჭირდებოდა ამ სახელმწიფოს. ჩემი შვილის სამსახური საერთოდ გააუქმეს. ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დავრჩით. ჩემს დედამთილს საპენსიო ასაკიც კი არ აქვს. ამიტომ, თურქეთში სამუშაოდ წასვლა გადავწყვიტე. სამსახური რომ მეშოვა, რამდენიმე თვე დამჭირდა _ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავადაც ვმუშაობდი, ფაბრიკაში _ მუშად. ბოლოს, ერთ ოჯახში მოხუცი ქალის მომვლელად მოვხვდი. 400 დოლარს მიხდიდნენ თვეში და არაადამიანური შრომა მიწევდა, დავარდნილ ქალბატონს ვუვლიდი _ ვაჭმევდი, ვბანდი, ყველაფერს ვაკეთებდი. ჩემს შრომას სიტყვებით ვერ აღვწერ. ასეთ დღეში ათასობით ქართველია, მაგრამ არ მიწუწუნია, რადგან ჩემს შვილებს არ შიოდათ. ერთი კვირის წინ ჩამოვედი (საუბარი ჩაწერილია 6 ივნისს). გუშინ უნდა დავბრუნებულიყავი და საზღვარზე აღარ გადამიშვეს _ არ გაქვთ უფლება, მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეგიძლია დაბრუნდებაო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სამი თვის შემდეგ ახალი სამსახური მექნება საძებარი. ამ პერიოდში კი რა უნდა ვქნა, თავი რითი ვირჩინოთ, არ ვიცი, _ აღნიშნა ლია სალუქვაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
ჩვენ ვეცადეთ კომენტარისთვის თურქეთში საქართველოს საელჩოს დავკავშირებოდით, თუმცა, უშედეგოდ _ საელჩოს ტელეფონზე, თურქულ ენაზე მოსაუბრე ავტო მოპასუხე იყო ჩართული.
ამ ეტაპზე კომენტარს ჯერჯერობით არც საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს. როგორც აღმოჩნდა, ამ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი მოვლენების საქმის კურსში არ იყო. შესაბამისად, “გურია ნიუსი”, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ეცდება, მიიღოს ინფორმაცია, თუ რას აპირებს სამინისტრო ამ პრობლემის მოსაგვარებლად და რა ბედი ელის იმ ასიათასობით ადამიანს, რომელიც ოჯახების გამოსაკვებად, თურქეთში არის გადახვეწილი.