რამდენიმე დღის წინ, “გურია ნიუსმა” დაწერა სტატია, თუ როგორ შეიტანეს ხელკეტები პოლიციაში. “გურია ნიუსი” ფლობდა ინფორმაციას იმაზეც, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პოლიციელები დილის 5 საათიდან 6 საათამდე, ნიღბებით და ხელკეტებით პიკაპში ჩამჯდარნი, სავარაუდოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის დარბაზში გადიოდნენ წრთვნებს.
რამდენად იქნება დაცული აქციის დღეს უსაფრთხოების ზომები და მოსალოდნელია თუ არა პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება?
ამ ინფორმაციების გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს, დავით ცირეკიძეს დაუკავშირდა.
ცირეკიძემ “გურია ნიუსს”, თავდაპირევლად, სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ იმ წუთს თათბირზე შედიოდა და ერთ საათში აუცილებლად შეგვხდებოდა.
ერთი საათის შემდეგ, ცირეკიძე “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. “გურია ნიუსი” გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში მივიდა, სადაც უთხრეს რომ ცირეკიძე ადგილზე არ იმყოფებდა და 15 წუთში აუცილებლად შეგვხდებოდა.
ნახევარ საათში ისევ მივედით პოლიციის შენობაში ცირეკიძესთან შეასხვედრად, სადაც განგვიმარტეს, რომ ცირეკიძის თქმით, უნდა დავკავშირებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ზურაბ გვენეტაძეს, რომლის თანხმობის შემდეგაც შეგვხდებოდა ბატონი ცირეკიძე.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა გვენეტაძეს.
_ ბატონო ზურაბ სულ რაღაც ორი კითხვა გვაქვს ბატონ ცირეკიძესთან, რომელიც არ გვხდება თქვენი თანხმობის გარეშე, იქნებ შეგვხდეს, კითხვები გვაქვს მასთან.
_იცით რაა, გამომიგზავნეთ კითხვები მეილზე და პასუხებს გამოგიგზავნით.
_ ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ სანამ თქვენ კითხვებს გამოგიგზავნით და გვიპასუხებთ, აქციაც დამთავრდება.სულ რაღაც ორი კითხვა გვავქს, _ გვაინტერესებს, იქნება თუ არა დაცული დღეს მოქალაქეების უსაფრთხოების და რამდენად არის პოლიცია მობილიზებული?
_ გავარკვევ და დაგირეკავთ, _ გვითხრა გვენეტაძემ, რომელსაც, რა თქმა უნდა, აღარ დაურეკავს.