ის, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 450 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა, ამის შესახებ ინფორმაცია 14 მაისს გამოქვეყნდა სამთავრობო ფეისბუქგვერდებზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გვერდზეც.
მალევე შესაბამისმა ოფიციალურმა უწყებებმა ისიც გვამცნეს, რომ შუხუთის სკოლამ ავტორიზაცია მიიღო.
„მორიგი ავტორიზებული სკოლა! ვულოცავთ სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლას სრულ ავტორიზაციას 9 წლის ვადით, მონიტორინგის გარეშე“, _ წერია ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ივნისში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არსებობდა მოლოდინი, რომ შუხუთის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები 2026 წლის 15 სექტემბერს სკოლის კარს შეაღებდნენ და ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში შეხვდებოდნენ.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ ასე არ მოხდა და სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ისევ „ხიზნობაში“ უწევთ ყოფნა _ ჯერჯერობით მაინც.
ჩვენი ინფორმაციით, ამის მიზეზი სკოლაში წყლის მიწოდების პრობლემაა. აღნიშნულ ფაქტს ჩვენთან საუბარში ადასტურებს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი იმნაიშვილიც.
„სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაა. ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი და დაახლოებით 20 დღეში ჭაბურღილის საკითხი მოგვარდება“, _ გვითხრა იმნაიშვილმა.
ცნობისთვის, უკვე მეხუთე სასწავლო წელია, სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის კარი გამოკეტილია და სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის გაგრძელება კვლავ ნიგოითის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში უწევთ.
თუმცა, ამჯერად ამბობენ, რომ პრობლემა მოკლე ვადაში მოგვარდება და სკოლა მშობლიურ კედლებს დაუბრუნდება.
სამაგიეროდ, კონკრეტული ვადები ჯერ არ არსებობს ჯურუყვეთის, ნიგოითისა და ნინოშვილის სკოლებთან დაკავშირებით.
მაგალითად, სოფელ ეწერში მდებარე ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის საჭიროება დღის წესრიგში 2022 წლის გაზაფხულიდან დადგა. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ალტერნატიულ ფართად მაშინ მეზობელ სოფელში მდებარე ნინოშვილის საჯარო სკოლა შესთავაზეს, სადაც სასწავლო პროცესი მეორე ცვლაში მიმდინარეობდა.
2023 წელს გურიაში მომხდარი სტიქიის შემდეგ კი მათ ნინოშვილიდან ლესის საჯარო სკოლაში მოუწიათ გადაბარგება _ კვლავ მეორე ცვლაში.
ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ის მოხერხდა, რომ სკოლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა, რის საფუძველზეც შენობის დემონტაჟი განხორციელდა.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც სამ სოფელს _ ჯურუყვეთს, ეწერსა და ბაღლეფს _ აერთიანებს, ამჟამად მხოლოდ ერთი, ჯურუყვეთის არასრული N2 საჯარო სკოლა მოქმედებს. წლებია, ამ თემში მცხოვრებ ბავშვებს მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად სხვა სოფლების სკოლებში უწევთ სიარული.
სოფელ ნიგოითში საბაზო სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ 2023 წელს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღო.
დაპირების მიხედვით, ძველი შენობის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა უნდა აშენებულიყო.
შენობის დემონტაჟიდან მალევე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ადგილზე ტექნიკაც გამოჩნდა, წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო და საძირკვლის ორმოებიც გაითხარა. თუმცა, კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, დაწყებული სამუშაოები მალევე მიატოვა.
რაც შეეხება სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლას, ის 2023 წლის 8 სექტემბერს გურიაში მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, გეოლოგების პირველადი დასკვნით, მოსწავლეების მისაღებად საფრთხის შემცველად ჩაითვალა.
ამ ფონზე კითხვა _ „რა ბედი ეწევა სოფლების _ ეწერის, ნინოშვილისა და ნიგოითის საჯარო სკოლების მშენებლობას?“ _ დღემდე აქტუალურია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია და შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.






























































