დაბა ბახმაროში (ყოფილი სანატორიუმის ეზოში) სპორტული სტადიონი ეწყობა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაბამისი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT260013264 29 ივნისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 22 ივლიის დაიწყო, ხოლო 27 ივლისს შეწყდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას 371 532 ლარი შეადგენდა.
ტენდერის შედეგის თანახმად, ხელშეკრულება შპს „მშენებელი 1928“-სთან გაფორმდა და ძალაში 25 აგვისტოდან 2027 წლის 23 იანვრამდეა.
გარდა ამისა, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 აგვისტოდან 90 კალენდარული დღის ვადაში 2026 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს.
სატენდერო სისტემაში ატვირთული საპროექტო დოკუმენტაციის თავფურცელზე ობიექტის ადგილმდებარეობად ბახმაროა მითითებული, ხოლო განმარტებით ბარათსა და სპეციფიკაციაში _ სოფელი გოგოლესუბანი.
საკითხის დასაზუსტებლად “გურია ნიუსმა” ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ აღნიშნული „ტექნიკური ხარვეზია“.


გარდა აღნიშნული სტადიონის მოწყობის სამუშოებისა, აღნიშნული კომპანია ახორციელებს წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში,სოფელ გოგოლესუბანში სპორტული სტადიონის მოწყობის (მერეს უბანი) სამუშაოებს. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 13 ივლისიდან 120 კალენდარული დღის ვადაში 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
აღნიშნულმა კომპანიამ გურიაში წელს კიდევ 1 ტენდერი მოიგო. კერძოდ, ქალაქ ლანჩხუთში სპორტული დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 272 258 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
რაც შეეხება შპს მშენებელი 1928-ის მიერ 2025 წლის განმავლობაში რეგიონში შესრულებული სამუშაოების ისტორიას, “გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით ასე გამოიყურება:
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფ. შუა ამაღლებაში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა _ კონტრაქტის საბოლოო ღირებულება 129 147.85 ლარია.
_ განახორციელა სოფელ ამაღლების ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა (პროექტის საბოლოო ღირებულება _ 127 739.04 ლარი).
_ სოფელ წიფნარში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა, კონტრაქტის ღირებულება _ 128 544.36 ლარი.
_ გორაბერეჟოულის ადმინისტრაციული ერთეული ერისთავების დენდროლოგიურ პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები _ კონტრაქტის ღირებულება 64 493.83 ლარი.
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ინტაბუეთში (ტაძრისკენ მიმავალი) დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოებისა და სოფელ ვაზიანში ცენტრალური გზის აღდგენის სამუშაოები _ 197 682.30 ლარი.
კომპანიას სხვადასხვა ტენდერები აქვს მოგებული 2024 წელსაც:
_ გორაბერეჟოულის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზიდან შავაძისა და ბედინეიშვილების მიმართულებით გზის რეაბილიტაციის (ხრეშოვანი საფარის მოწყობა) ცენტრალური გზიდან მარკოიძის მიმართულებით სტიქიით დაზიანებული გზის სავალი ნაწილის ბეტონის საფარით აღდგენის (აღმართი) სამუშაოები _ 80 426.63 ლარი.
_ დაბა ჩოხატაურში მუხების უბანში სკვერისა და მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები _ კონტრაქტის საბოლოო ღირებულება 218 268.54 ლარი.
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ სამების ცენტრში სკვერის მოწყობის სამუშაოები _ 66,885.54 ლარი.
_ სოფელ გორაბერეჟოულში სასაფლაოს მიმართულებით ხიდის და გზის აღდგენის სამუშაოები _ კონტრაქტის ღირებულება 78,358.42 ლარი.
_ სოფელ თავპანტაში მინი სტადიონის მოწყობის და ახალგაზრდული სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები _ კონტრაქტის საბოლოო ღირებულება 112 198.48 ლარი.
2023 წელს:
_ ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის აღდგენის სამუშაოები _ კონტრაქტის ღირებულება 100 460.54 ლარი.
_ სოფელ ინტაბუეთში (ჩიგოგიძეების გორი) დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები (კონტრაქტის ღირებულება _ 81 589.92 ლარი).
2022 წელს:
_ სოფელი ქვაბღის ცენტრიდან სოფელ ზოტში მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები _ ღირებულება 7 791.90 ლარი.
2021 წელს:
_ სოფელ ბუკნარში წყალგამტარი მილების და არხის მოწყობის სამუშაოები _ ღირებულება 5 255.90 ლარი.
2020 წელს:
_ სოფელ ხიდისთავის სტადიონი _ კონტრაქტის ღირებულება 6 008.32 ლარი.
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ იანეულში მაედანას უბანში გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის და სოფელ იანეულში ცენტრიდან კალანდოურას მიმართულებით ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები _ კონტრაქტის ღირებულება 21 195.14 ლარი.
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვაზიანში შიდა გზების რეაბილიტაცია _ გაწეული სამუშაოებისთვის გადახდილმა თანხამ 55`057.60 ლარი შეადგინა.
სამეწარმეო რეესტრის თანახმად, შპს „მშენებელი 1928“ დარეგისტრირდა 2019 წელს; მას სახელმწიფო შესყიდვების საიტის მიხედვით, სულ მოგებული აქვს 35 ტენდერი, რომელთა ღირებულება 2 517 068.54 ლარია; პირდაპირი კონტრაქტები კი 9-ს შეადგენს და მათი ჯამი 183 140.43 ლარია.
ავტორი































































