პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომლის ამოქმედების შედეგად, საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებზე ამნისტია ცხადდება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დამსაქმებელი საპენსიო შენატანს და მასზე დარიცხულ საურავს სრულად გადაიხდის.
ამ მიმართულებით “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები პროექტი და მისგან გამომდინარე ოთხი კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. ინიციატივა დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ გააცნო.
კვიჟინაძის ინფორმაციით, კანონის პროექტი შეეხება 48 069 ჯარიმას, 13 488 დამსაქმებელსა და ჯამში, დაახლოებით 43 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმას.
პროექტით საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისთვის ადმინისტრაციული სახდელის ოდენობა მცირდება. დღეს ჯარიმის ოდენობა პირველ შემთხვევაში 500 ლარს, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1 000 ლარს შეადგენს. საკანონმდებლო ცვლილებებით ჯარიმა 300 ლარამდე ჩამოდის.
შემოდის საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური და განისაზღვრება მის მიერ საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.
კვიჟინაძის განმარტებით, მეწარმეს დაჯარიმების შემთხვევაში, საპენსიო შენატანის თანხა შეიძლება 18-თვემდე გაუწილვადდეს.
“თუკი მეწარმე შეცდომის გამო მეორე დღესვე ჯარიმდებოდა, ახლა დაჯარიმებული იქნება, მაგრამ შეტყობინება მოუვა როგორც შემოსავლების სამსახურის პლატფორმაზე, ასევე საპენსიო ფონდის პლატფორმაზე, სმს-ისა და სხვა ტექნიკური საშუალებებით. შეტყობინების მიღებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მეწარმეს შეუძლია ხარვეზი გამოასწოროს. თუ ამ პერიოდში თანხა არ გადაიხადა, დაჯარიმდება. ამის შემდეგ მას დავების კომისიაში გასაჩივრების საშუალება ეძლევა. დავების საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულება ჩერდება“, – განამარტა პაატა კვიჟინაძემ.
კვიჟინაძის ინფორმაციით, “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონტროლის მექანიზმი არ იყო ისეთი, როგორც საჭირო იყო და ათასობით მეწარმემ ასობით მილიონი ლარი – საპენსიო შენატანი საკუთარ თანამშრომლებს არ ჩაურიცხა.
“ამის გამო წინა პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც საპენსიო დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადს მიება და ერთ დეკლარაციაში მოხვდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მეწარმე თავისი კოდით შედის შემოსავლების სამსახურის პლატფორმაზე, ავსებს ფორმას და როდესაც ჩაწერს პირობითად ხელფასს 1000 ლარს, თვითონ სისტემა უგდებს, თუ რამდენი უნდა გადაიხადოს საპენსიო და რამდენი – საშემოსავლო გადასახადი. ამიტომ ის, ვინც ამბობს, რომ არ იცოდა, რომ ასეთი გადასახადი იყო, რბილად რომ ვთქვათ არასწორი იქნება – ყველამ ყველაფერი კარგად იცის. თუ დეკლარაცია არასწორად არის შევსებული, თანხა დაკლებულია ან საერთოდ არ არის ჩარიცხული, მეწარმე მეორე დღეს ჯარიმდებოდა. ამ ჯარიმის ლოგიკა არის ის, რომ ვერავინ ვერ იტყვის, რომ მას დაანგარიშებაში შეეშალა, რადგან ყველაფერს სისტემა წერს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე.
































































