“საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით (ორგანიზებული კოდი 1200) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული ასიგნების “შრომის ანაზღაურების” გრაფიდან, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს მიეცეს ყოველთვიური პრემია 2 950 ლარის ოდენობით”, _ ნათქვამია გუბერნატორის მიერ 2012 წლის 12 იანვარს გამოცემულ განკარგულებაში, რომელსაც ხელს თავად ჩიტაიშვილი აწერს.
ამავე რიცხვით დათარიღებული, #6 განკარგულების თანახმად, გუბერნატორის მძღოლს, ვლადიმერ საბაშვილს ყოველთვიურად 360 ლარის ოდენობის პრემია დაენიშნა.
ამავე წლის 16 თებერვალს, გუბერნატორმა ადმინისტრაციის 4 თანამშრომელს პრემიები მისცა _ მის პირველ მოადგილეს, თამაზ მახარაძეს _ 2 360 ლარი, მეორე მოადგილეს, ლაშა შაფაქიძეს _ 1 000 ლარი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, ისააკ ლომთათიძეს _ 1 180 ლარი, ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მამია ბარამიძეს _ 900 ლარი.
ამავე დღეს, ვალერი ჩიტაიშვილმა კიდევ 14 პრემია გასცა _ #18 განკარგულების თანახმად, სამხარეო ადმინისტრაციის მდივან რეფერენტს, ინგა სალუქვაძეს 500 ლარი ერგო. გუბერნატორს მოადგილეს, ლელა თავართქილაძეს და დანარჩენ 12 თანამშრომელს, პრემიის სახით 250-250 ლარი მისცა.
2012 წლის 27 მარტს, 500-ლარიანი პრემია ვალერი ჩიტაიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, ნანა ვარდოშვილს გამოუწერა.
წელს, ბოლო პრემიები 8 აპრილს არის გაცემული #38 განკარგულების თანახმად, ადმინისტრაციის 47 თანამშრომელს 224 ლარის ოდენობის პრემია გამოეწერა. მათ შორის არის ვალერი ჩიტაიშვილი, მისი სამი მოადგილე _ თამაზ მახარაძე, ლელა თავართქილაძე და ლაშა შაფაქიძე. ასევე, ისააკ ლომთათიძე, მამია ბარამიძე, ნანა ვარდოშვილი, ინგა სალუქვაძე, ვლადიმერ საბაშვილი _ ადამიანები, რომლებიც გუბერნატორმა პრემიებით თებერვალშიც დაასაჩუქრა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ჩიტაიშვილს და მის მძღოლს, პრემიები ყოველ თვე ხელფასთან ერთად ეძლევა.
განკარგულებებში არაფერია ნათქვამი იმაზე, რა დამსახურებისთვის მიიღეს ამ ადამიანებმა პრემიები.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ პრემიების გაცემის რაოდენობას კანონი არ ზღუდავს:
_ ბატონო თამაზ, შესაძლებელია თუ არა რამდენჯერმე პრემიის მიღება? მაგალითად, გუბერნატორს საკუთარი თავისთვის ყოველთვიური პრემია აქვს გამოწერილი და დამატებით კიდევ იღებს, ანუ გამოდის, რომ თვეში ორჯერ მიიღო პრემია.
_ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად: “მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს”. ამდენად, კანონი იძლევა იმის შესაძლებლობას რომ პრემია ყოველთვიურად გაიცეს.
_ რამდენად მიზანშეწონილია, რომ ადამიანებს, რომლებსაც თებერვალში მიეცათ პრემიები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ისევ აიღონ პრემიები აპრილში. ეს ხომ ბიუჯეტის თანხებია…
_ რა თქმა უნდა, თანხები ბიუჯეტისაა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, კანონი არ ზღუდავს პრემიის გაცემას, რაც შეეხება პრემიის ოდენობას და მისი გაცემის ინტენსივობის მიზანშეწონილობას დღეს არსებულ სოციალურ ფონზე, ეს უკვე საზოგადოების განსჯადია.
_ კანონით დაშვებულია თუ არა, რომ პრემია გაიცეს დასაბუთების გარეშე, ანუ განკარგულებაში არ იყოს მითითებული რისთვის გამოუწერეს ეს პრემია.
_ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იგი წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.