მართალია, საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგის მიერ საქართველოსთვის დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადა, მაგრამ მახარაძის მეუღლე, დალი სიხარულიძე ფულად კომპენსაციას საკმარისად არ მიიჩნევს და უცვლელს ტოვებს რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ კომენტარს: – სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. სახელმწიფოს აქვს დავალება ევროპული სასამართლოდან, რომ გამოიძიონ, რატომ მოკლეს ნიკო მახარაძე. ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად და დამნაშავეების დასასჯელად. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ქმარი მომიკლეს, პასუხი მკაცრად უნდა აგონ!
ოჯახი სტასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებას სამ თვეში ელოდება.
რა მიზნით გადაიყვანეს მძიმე ავადმყოფი ისევ საპყრობილეში
ნიკო მახარაძე 2006 წლის 14 მარტს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ გახორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, აბასთუმანში დააკავეს. სისხლის სამართლის #090060275 საქმე რამდენიმე მუხლით _ 260-ე მუხლის მეორე ნაწილი და 223-ე პრიმა მუხლი, აღიძრა _ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა და ქურდული სამყაროს წევრობა/კანონიერი ქურდობა. მახარაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 16 მარტს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს. მახარაძის ადვოკატმა, ბესო ქარცივაძემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა: “ნიკო მახარაძე მეორე ჯგუფის ინვალიდია, პენსიონერი. აბსოლუტურად სმენადაქვეითებული, დაავადებულია სხვადასხვა დაავადებებით, მათ შორის ტუბერკულოზის ბოლო სტადიით, არ აქვს ერთი ფილტვი, მეორე 60%-ით ფუნქციონირებს”, _ აღნიშნულია ადვოკატის საჩივარში, რომელსაც შესაბამისი მტკიცებულებები ახლავს.
საჩივარში ადვოკატმა ისიც მიუთითა, რომ დაკავებიდან 9 დღის განმავლობაში, მახარაძე სრულ იზოლაციაში ამყოფეს და მედიკამენტები არ მიაწოდეს: “არ მისცეს სასუნთქი და ნახველის ამოსაღები; ფილტვის და თირკმლის იმუნური მოქმედების მედიკამენტები; სპეციფიკური საკვები, რითაც იგი ათეული წლებით სარგებლობს”, _ აღნიშნავს ქარცივაძე.
ადვოკატის მტკიცებით, მეშვიდე საპყრობილის დირექტორის მეგის ქარდავას წერილობითი უარმა პატიმრის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე, მედიკამენტების და სპეციალური საკვების ათეული დღით მიუღებლობამ ბრალდებულის მდგომარეობა დაამძიმა.
სწორედ ამის შემდეგ მიიღო სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გადაწყვეტილება და პატიმარი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც მას დაენიშნა კომპლექსური მკურნალობა, გადასხმები, ძლიერ მოქმედი ანტიბიოტიკები და საძილე საშუალებები.
2007 წლის 27 მარტს, ციხის ცნობილი ბუნტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გადასხმებისა და რამდენიმე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი მახარაძე ისევ მეშვიდე საპყრობილეში დააბრუნეს და მოგვიანებით მას ციხის ბუნტის ორგანიზებაში დასდეს ბრალი.
ბრალდება ამტკიცებდა, რომ მახარაძემ, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძალიან მძიმე ავადმყოფი იყო, “სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაციაში ამავე დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმის მიზნით, დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა, რასაც უნდა გამოეწვია სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შეჩერება, რეფორმის გამატარებელი გუნდის კომპრომეტირება, ქურდული ტრადიციების და ავტორიტეტის აღდგენა-გაძლიერება; განიზრახა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მოთავსებული სპეცკონტიგენტისთვის არეულობის მოწყობა და მასობრივი დაუმორჩილებობა; შეარჩია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შეიმუშავა გეგმა, არ დაემორჩილა ადმინისტრაციას, გაუწია წინააღმდეგობა და ამასთან ერთად, ამ პროცესებში ჩართო სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრებიც”.
მახრაძეს ბრალი დაუმძიმეს და სისხლის სამართლის საქმე #073060138 _ 378-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით აღძრეს.
ადვოკატი ქარცივაძე აღნიშნავს, რომ მახარაძეს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ზემოთ აღნიშნული ქმედებების საშუალებას არ მისცემდა და ამბობს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში ძალიან ბევრია, “ცალსახად გამორიცხავს ბრალის საფუძველს, წარმოაჩენს შეგნებულად წინასწარ განზრახვით არსებულის წარმოჩენას”: “ნიკო მახარაძე დაკავების მომენტიდან იყო სრულ იზოლაციაში. სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა მოხდა ჯანმრთელობის გაუარესების შემდგომ, რომელიც იყო მეშვიდე საპყრობილის დირექტორის, მეგის ქარდავას არაჰუმანური გადაწყვეტილების შედეგი. იგი უმძიმეს მდგომარეობაში მოთავსდა არა ცალკე, არამედ იმ პატიმართა შორის, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმყოფებოდნენ ოპერატიული დამუშავების ქვეშ და მათი მოქმედება და განზრახვა კონტროლდებოდა. მახარაძის პერსონა გამოიყენეს ჯგუფის წევრთა მეტად ორგანიზებულობის წარმოჩენაში, მრავალრიცხოვნობაში. ამ ფაქტს სხვა ახსნა არ აქვს. რა ბუნტი უნდა დაეგეგმა მედიკამენტების, გადასხმების და ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ მყოფს, დაუძლურებულს, დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის არ მქონეს? ან ასეთმა მძიმე ავადმყოფმა როგორ გაუწია წინააღმდეგობა კანონიერების აღმდგენთ, როცა “სპეცნაზის” რამდენიმე თანამაშრომელმა მოახდინა, მახარაძის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანა,” _ აღნიშნავს ქარცივაძე.
ადვოკატმა ყველა უწყებას მიმართა საჩივრებითა და წერილობითი განცხადებებით, რომ მახარაძე ერთი წუთითაც არ დაეტოვებინათ მედიკამენტებისა და ექიმების მეთვალყურეობის გარეშე.
ბუნტიდან მესამე დღეს, 30 მარტს, ექიმთა კონსილიუმმა მახარაძის დაუყონებლივ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის დასკვნით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ასეთივე მოთხოვნა გააკეთა მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელმაც პირადად მოინახულა მახარაძე საპყრობილეში. სწორედ ამის შემდეგ მოხდა საავადმყოფოში ბრალდებულის დაბრუნება.
წართმეული სიცოცხლის უფლება
მახარაძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ბევრ სქელ ტომს მოიცავს. ასევე ბევრია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ექსპერტების დასკვნები. ყველა მათგანში ხაზგასმულია, რომ მახარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მას სპეციალიზებულ კლინიკაში ესაჭიროება მკურნალობა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წელის 20 ოქტომბრის დასკვნით, მახარაძეს “კარდიოლოგიური თვალსაზრისით ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობის გაგრძელება”:
_ “თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის საოქმო განჩინებით, სისხლის სამართლის #1ა/ბ-43-08(13ა/ბ-43-08) საქმეზე, დაინიშნა მსჯავრდებულ ნიკოლოზ მახარაძის მიმართ ამბულატორიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზას უნდა დაედგინა მახარაძის ჯანმრთელობის დაავადება და სიმძიმის ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ 2007 წლის სექტემბრის თვეში, მსჯავრდებულ ნიკოლოზ მახარაძეს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო საკომისიო ექსპერტიზა ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით. ჩატარებული გამოკვლევებით, მსჯავრდებულ ნიკოლოზ მახარაძეს დაუდგინდა დიაგნოზი: გულის იშემიური დაავადება, დაძაბვის სტენოკარდია III-IV ფუნქციური კლასი, არტერიული ჰიპერტენიზაცია II JNC-7, გულის უკმარისობა II-III (NYHA). მარჯვენა ფილტვის ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულიოზი (ციროზის მოვლენები) ინფლაციისა და მოთესვის ფაზაში, მგბ (+) დადებითი, მულტირეზინისტენტობა, მარჯვენა მხრივი პიოპნევმოთარაქსის გადატანის შემდგომი ნარჩენი მოვლენები პლევრალური ნადების სახით.
ნიკოლოზ მახარაძე დაავადებულია ფილტვების ტუბერკულოზის მძიმე ფორმით. ნიკოლოზ მახარაძეს, კარდიოლოგიური თვალსაზრისით, ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობის გაგრძელება.
2007 წლის 21 სექტემბრის საექსპერტო დასკვნის თანახმად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტების აზრით, ნიკოლოზ მახარაძის დაავადება არ ემორჩილება ანტიტუბერკულიოზურ მკურნალობას და ამჟამად მისი ჯანმრთელობის არსებითი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ის დაავადებულია ტუბერკულოზის მძიმე ფორმით და მისი დაავადების სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით ერთჯერადი ამბულატორიული შემოწმება არაეფექტური იქნება, რადგან მსგავსი დაავადების საექსპერტო კვლევას, როგორც წესი, სჭირდება საფუძვლიანი სტაციონარული გამოკვლევა შესაბამისი პროფილის კლინიკებში, რაც ხანგრძლივი პროცესია,” _ ასეთ დასკვნას წერს ბიუროს უფროსი მამუკა მამალაძე.
სასამართლომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ირაკლი ბახტაძე დაკითხა იმის გასარკვევად, შეუძლებელია თუ არა ამბულატორიული წესით ჩატარებული ექსპერტიზით მახარაძის ჯანმრთელობის სიმძიმის დადგენა.
_ ნიკოლოზ მახარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ორჯერ ჩატარდა კომისიური ექსპერტიზა. მე ვმონაწილეობდი მარტში. 2007 წელს ჩატარებული ექსპერტიზით, მახარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შევაფასეთ, როგორც მძიმე, მახარაძე ტუბერკულოზით არის დაავადებული და იგი არ ემორჩილება მკურნალობას. როგორც მე ვიცი, ორი ახალი პრეპარატი გამოიყენეს მის სამკურნალოდ, თუმცა, შედეგი არ გამოუღია. იგი შიმშილობს და, ბუნებრივია, შიმშილობა უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას, _ აღნიშნა მოწმემ და განაცხადა რომ ამბულატორიულ ექსპერტიზაზე უკეთესი იქნებოდა მახარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ჩატარდეს სტაციონარული ექსპერტიზა.
ამავე პროცესზე, რომელსაც ბრალდებულიც ესწრებოდა, მახარაძემ აღნიშნა, რომ მისი დაავადების შესახებ ყველაფერი იცის: _ ორი ექსპერტიზა ჩატარდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ორივე მათგანში წერია, რომ მძიმე ავადმყოფი ვარ. მე ვიცი, რომ მჭირს ფილტვების კიბო და დღეში 500 გრამი ჩირქი გამომდის. მე სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში მესაჭიროება მკურნალობა, რადგან პრეპარატები, რომელიც მე მჭირდება, ციხის საავადმყოფოში კი არა, საქართველოშიც არ არის _ მას ჩემი ოჯახი შოულობს და მოაქვთ ციხის საავადმყოფოში, _ აღნიშნა პროცესზე მახარაძემ.
მახარაძის სიტყვები სახელმწიფო ექსპერტმაც დაადასტურა: _ მახარაძეს ესაჭიროება სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობა. მე არ ვიცი, სათანადო მკურნალობა არის თუ არა ციხის საავადმყოფოში, _ განაცხადა სასამართლოზე ექსპერტმა და აღნიშნა, რომ სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების საშუალება სახელმწიფოს არ აქვს, თუმცა, მახარაძის მდგომარეობა ასეთ საჭიროებას ქმნიდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მახარაძე არც სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაუყვანიათ და არც ის მედიკამენტები მიუციათ, რომელიც ესაჭიროებოდა.
საშველად… ევროპაში!
ევროპის სასამართლოში პირველი სარჩელი უშუალოდ ნიკო მახარაძემ გაგზავნა, რომლის მთავარი მოთხოვნა მისი სიცოცხლის დაცვა იყო. სასამართლომ საჩივარი განიხილა და 2008 წლის ნოემბერში საქართველოს დაავალა, მახარაძე სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ არაფრად ჩააგდო.
თეა წულუკიანი, რომელიც ახლა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერია, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი იყო და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესულ საჩივრებს განიხილავდა. სწორედ მას მისწერა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს განმწესრიგებელმა, რომ ნიკო მახარაძის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას და მისი სპეციალიზირებულ კლინიკაში არგადაყვანა სავალალო შედეგებს გამოიწვევდა: “ქალბატონო თეა, მაქვს პატივი მოგესალმოთ, გამოვხატავ თქვენდამი პატივისცემას და კანონის მოთხოვნასთან შესაბამისობით და დაცვით, დამატებით მოგმართავთ, გაუწყებთ და გთხოვთ თქვენის კომპეტენციით ქმედით გადაწყვეტილებას შემდეგზე:
თქვენთვის ცნობილ საკურატორო საქმეზე ნ352554 მახარაძე, საქართველო, რომელსაც პრიორიტეტი მიეცა, გიდგენთ და გთხოვთ გამონაკლისის სახით განსახილველად ათეულობით მტკიცებულებას, რომლებიც ცალსახად ადასტურებს მახარაძის მიმართ წამების რაობის მოპყრობას და მის სიკვდილის პირამდე მიყვანას. კერძოდ, მახარაძის მძიმე მდგომარეობის მამტკიცებელი თქვენ გეცნობათ _ აღნიშნულს კიდევ ერთხელ ერთობლიობით გიდგენთ. გთხოვთ, დადგენილი წესისამებრ, მახარაძის მიმართ წარმოებულ უკანონო ქმედებებს, მის წამების ტოლფას ყოფას, არაჰუმანურ მოპყრობას, მისცეთ მკაცრი შეფასება და დაევალოს საქართველოს შესაბამის უწყებებს: _ მოხდეს მახარაძის გადაყვანა მისი დაავადების სპეციფიკის გათვალისწინებით პროფილიან კლინიკაში; ჩაუტარდეს მიუკერძოებელი პროფილიანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მახარაძის, როგორც მძიმე ფორმით დაავადებული ავადმყოფის მიმართ, გახორციელდეს კანონის შემხებლობა _ გადავადება სასჯელის ნაწილში დადგენილი წესისამებრ”, _ აღნიშნულია წერილში.
ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ მახარაძის სიცოცხლეში, ხაზგასმით, ოფიციალურ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ “მახარაძისადმი დაფიქსირებული მოპყრობა ფატალური შედეგის დადგომის წინაპირობაა. მახარაძის მიერ პროტესტის ფორმად არჩეული შიმშილობის აქციაც არის იძულებითი ნაბიჯი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით”.
ეს გადაწყვეტილება ქართულ მხარეს არ შეუსრულებია, რამაც ფატალური შედეგი მალევე გამოიღო _ ნიკო მახარაძის მეუღლემ, დალი სიხარულიძემ, მეუღლე ამ შეუსრულებელი გადაწყვეტილების მიღებიდან სამ თვეში, 26 იანვარს ინახულა, ერთ კვირაში კი, ნიკო მახარაძის გარდაცვალების შესახებ ციხის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მეუღლის დასაფლავების შემდეგ, სიხარულიძემ ურყევი გადაწყვეტილება მიიღო და გადაწყვიტა სიმართლისთვის ებრძოლა. მან სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რამდენიმე მუხლად შეიტანა.
სარჩელი შეტანიდან მესამე წელს, ევროპულმა სასამართლომ შეტანილი საჩივრის ერთ მუხლში _ სიცოცხლის უფლების ხელყოფა, საქართველო დამნაშავედ ცნო და გარდაცვლილის მეუღლის სასარგებლოდ ქვეყანას 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე “მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ”, 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ნიკო მახარაძის მიმართ, საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი _ სიცოცხლის უფლება და მუხლი 34 _ ინდივიდუალური განაცხადი.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ (ანუ ისევ ჩვენმა ბიუჯეტმა!) ოჯახს ფულადი კომპენსაცია გადაუხადა, გარდაცვლილის მეუღლე, დალი სიხარულიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ძალაში ტოვებს რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ კომენტარს და ამბობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას ისევ აპირებს: _ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. სახელმწიფოს აქვს დავალება ევროპული სასამართლოდან, რომ გამოიძიონ, რატომ მოკლეს ნიკო მახარაძე. მე არ ვაპირებ სახლში ჯდომას და უმოქმედოდ ყოფნას. ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად და დამნაშავეების დასასჯელად. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ქმარი მომიკლეს, პასუხი მკაცრად უნდა აგონ!
ამჯერად, ოჯახი სტრასბურგის ევროპული სასამართლოდან საბოლოო გადაწყვეტილებას სამ თვეში ელოდება.