ზურაბ ფიფია პოლიტიკური პარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია. ის წარმოშობით აფხაზეთიდან, კერძოდ გულირიფშის რაიონიდან, სოფელ დრანდიდანაა. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში და მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო.
ფიფიასთან ერთად დააკავეს “ქართული ოცნების” აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა
“აღნიშნული პირები ბრალდებულნი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომზადებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-332-ე მუხლის პირველი ნაწილით”, _ ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.
“გურია ნიუსი” ბრალდებულ ფიფიას ადვოკატს ემზარ პარკოსაძეს ესაუბრა.
_ ბატონო ემზარ, რაში ედება ბრალი ზურაბ ფიფიას?
_ მე ასეთი ბრალდება არასოდეს მომისმენია. მისი ბრალდების ფორმირებულება ასეთია: თანამდებობის პირის წაქეზება, რათა მას ჩაედინა თანამდებობის ბოროტად გამოყენება.
_ ე.ი. ზურაბ ფიფიამ წააქეზა კახა ბაღათურია?
_ დიახ, წაქეზება უნდოდა, მაგრამ ის არ წაქეზდა, არ ჩაიდინა დანაშაული.
რაც შეეხება დაკავებას, რომელიც კონსტიტუციური უსართხოების დეპარტამენტმა გააკეთა, მისი თანამშრომლის ვინმე ბაღათურიას მეშვეობით, ეს არის ჩვეულებრივი დანაშაულის პროვოკაცია.
_ სად გაიცნო ფიფიამ ბაღათურია?
_ ფიფიას ოჯახის ახლობელმა გააცნო ანუ მიუგზავნეს. თითქოს ბაღათურია იყო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც იყო სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ განაწყენებული, ჰქონდა ვალები და უნდოდა დახმარება.
_ გამოდის, რომ ფიფიას რამდენჯერმე ჰქონდა შეხვედრა კახა ბაღათურიასთან?
_ დიახ, როგორც ბატონმა ზვიადმა მითხრა, სულ რაღაც ოთხჯერ შეხვდა მას, ვერაფერი ვერ გავიგე, რა უნდოდა. ეტყობა, ის აპარატურით მიდიოდა და იწერდა მასთან საუბარს.
_ თქვენ ზურაბ ფიფიასთან გქონდათ შეხვედრა, რას ამბობს მისი დაკავების ფაქტთან დაკავშირებით?
_ გაკვირვებულია და გაგიჟებულია. ამბობს, რომ ბაღათურიას ხვდებოდა როგორც ყოფილი თანამშრომელი. ამბობს, რომ ოთხი დღის წინ დაუკავშირდა იმ ადამიანს, რომლის მეშვებითაც ბაღათურია გაიცნო. უთქვამს, _ არ მცალია ამ ადამიანისთვის, არაფერს ამბობს და ვერ ვხვდები, რა უნდაო.
_ თქვენი აზრით, რაში დაჭირდა ხელისუფლებას ამ ადამიანის დაკავება?
_ ეტყობა, ჩათვალეს, რომ მათ მიერ დაგეგმილი ოპერაცია წარუმატებლად მთავრდებოდა და გადაწყვიტეს სამი კურდღელი დაეჭირათ ერთად _ 1. ფიფიას დაკავებით გადაფარეს გუშინდელი სიუჟეტი. 2. ეს არის შავი ფიარი. მითუმეტეს, რომ არსებობს ამ ადამიანის ჩანაწერი, სადაც სხვადასხვა თემებზე მსჯელობენ. ადვილი შესაძლებელია, კონტექსტიდან ამოგლიჯონ ხმა და შავი ფიარისთვის გამოიყენონ. 3. ეს არის ადამიანების დაშინების მცდელობა იმისთვის, რომ არ ჩაერთონ პოლიტიკაში. ამით ისინი ამბობენ დავაკავებთ ნებისმიერ ადამიანს, წესიერს თუ მებრძოლს, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს.