ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა მშობელმა მიაწოდა და უთხრა, რომ კლასის დამრიგებელი ამას განათლების სამინისტროს დავალებად ასახელებს.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ირინა ინარიძეს დაუკავშირდა.
_ ქალბატონო ირინა, რატომ ითხოვენ სკოლებში მოსწავლეების მშობლების პირადობის გამადასტურებელ ასლებს და მოსწავლეთა სურათებს. რასთან დაკავშირებით ხდება ეს აღწერა?
_ ეს არის საინფორმაციო ბაზაში შეყვანა, ყველა კლასის და მოსწავლის, მეტი არაფერი.
_ შარშან არ იყო საჭირო ეს ბაზა? წელს რატომ ხდება პირველად? რა საჭიროა მშობლების პირადობის დამადასტურებელი ასლები?
_ეს ვრცელდება მთელ საქართველოში, საინფორმაციო ბაზა ითხოვს ამას.
ირინა ინარიძეს ამომწურავი პასუხი არ გაუცია, თქვა, რომ გამოცდებზე იმყოფებოდა და დროში შეზღუდული იყო.
საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, რომ პირადობის მოწმობების შეგროვება, არჩევნებს უკავშირდება.
_ რაღა მაინცდამაინც არჩევნების წინ იწყება პირადობის მოწმობების შეგროვების გაწამაწია? სხვა დროს რას დებენ მაგ საინფორმაციო ბაზაში, თუ გამამართლებელი პასუხი წინასწარ აქვთ მოფიქრებული? _ ამბობენ მშობლები “გურია ნიუსთან” საუბრისას.