ერთი კვირის წინ, კოალიცია “ქართული ოცნების” კარდაკარი დაიწყო. რომელშიც 8 000 ადამიანი მონაწილეობს და ჯერჯერობით, მხოლოდ საქართველოს 65 ოლქში მიმდინარეობს.
“მინდა გავფრთხილო ყველა სოფლის გამგებელი, პოლიციელი და ზონდერ ჯგუფები, ჩვენი წარმომადგენლებისთვის საარჩევნო პასპორტების წართმევას და დახევას აზრი არ აქვს. ჩვენ ხელახლა ვუბეჭდავთ ჩვენს წარმომადგენლებს ახალ პასპორტებს. ნუ გაირჯებიან ამ შრომით. ჩვენ ვაფიქსირებთ დამრღვევ პირებს. შესაბამისად, თუ ოდესმე ჩვენს სამშობლოში ჩატარდება გამოძიება არჩევნების გაყალბების მცდელობის ფაქტზე, ეს ადამიანები აღმოჩნდებიან სავარაუდო ეჭვმიტანილები არჩევნების ჩატარებისთვის ხელშეშლაში. გთხოვთ, მტერმაც და მოყვარემაც გადასცეთ ამ ხალხს თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისაგან.
დამრღვევებს შორის ლიდერები არიან გამგებელები. კახეთში, თელავის რაიონში გამგეობის თანამშრომლები იჩენენ განსაკუთრებულ აქტივობას დოკუმენტების წართმევაში. ბაღდათში, გამგეობის თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას დოკუმენტების წართმევაში. ლაგოდეხში გამგებელი იყო ჩართული დამუქრების კამპანიაში. გურჯაანშიც გამგებელი იყო ჩართული.
ხელწერა ყველგან ერთნაირია. როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დავალებული აქვთ, რომ მაქსიმალურად შეუშალონ ხელი კოალიცია “ქართული ოცნების” კარდაკარს.
კარდაკარის მიზანია, არჩევნების გაყალბების ფარული მეთოდების გამოყენების საწინააღმდეგო ხერხებისთვის აუცილებელი მონაცემის მოპოვება. ჩვენ უნდა შევძლოთ იმ მონაცემების მოპოვება, რაც არ მისცემს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების ფარული მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას,” – განაცხადა ქუცნაშვილმა.