_ ვარ მართლმადიდებელი; მაქვს სამი ოცნება, რის ასრულებასაც, რაოდენ პათეტიკურადაც უნდა მოეჩვენოს ვინმეს, დედის ხსოვნას მივუძღვნი, _ ამბობს იგი ჩვენთან ინტერვიუში.
_ ვინ არის ზვიად კვაჭანტირაძე?
_ ყოველთვის ვეძებ ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს და ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ, როცა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე, გავმხდარიყავი კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში, მაშინ საბოლოოდ დავუსვი წერტილი ამ კითხვას და ვთქვი, რომ დღეს მე ვარ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი დარჩენილი ცხოვრება მიუძღვნას მშობლიურ ოზურგეთს, ოზურგეთელებს და მათთვის საქართველოში ღირსეული ადგილის დაბრუნებისთვის ბრძოლას. მე მაქვს გავლილი საკმაოდ საინტერესო ცხოვრების გზა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე საინტერესო ეტაპი წინ არის. დავიბადე და გავიზარდე ამ ქალაქში, რაც ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის. მყავს მეუღლე და ორი შვილი. მეორე სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე და დავამთავრე იაროსლავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიისა და სამართლის ფაკულტეტი. 1994-1995 წლებში გერმანიის სამთავრობო სტიპენდია მოვიპოვე და სწავლა გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, კარლ დუისბურგის კოლეჯში გავაგრძელე. სოციალური საბაზო ეკონომიკის და საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებით, იქვე გავიარე საინტერესო ორწლიანი პრაქტიკა, მათ შორის რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. “პიარი”, როგორც ასეთი, ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობებში. აი, ამ დარგის ერთ-ერთი პიონერი ვარ საქართველოში, მარიკა დარჩიასთან, სოსო ცისკარიშვილთან და სხვებთან ერთად. 1993 წელს სწორედ ამ ადამიანების თაოსნობოთ საქართველოში შეიქმნა პირველი ორგანიზაცია – საზოგადოებრივი ურთიერთობების, ანუ “პიარის” ცენტრი. ეს აბრევიატურა მაშინ ჯერ კიდევ გაუგებარი იყო საზოგადოებისთვის. ასე რომ, მე ამ მიმართულებით ჩემი ხედვები მაქვს, როცა ვურთიერთობ პრესასთან, ადამიანებთან. ამას წინათ, ერთი-ორ ჟურნალისტს მსუბუქად ვაწყენინე მგონი და ბოდიშს კი ვუხდი, მაგრამ რა ვქნა, მე ასე ვფიქრობ. დამერწმუნეთ, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც პიარ-ტექნოლოგიების შესახებ იცოდა ჩვენთან.. როდესაც რაღაცეებს მთავაზობენ და ვხვდები, რომ ამ მოცემულობაში, ამ ეტაპზე ეს არ არის ჩემთვის მისაღები და საჭირო, უარს ვეუბნები. აი, მაშინ იწყებენ ჭკუის სწავლებას. მე ყოველთვის ღია ვარ რჩევებისთვის, მაგრამ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ რა უნდა გავაკეთო, ყოველთვის თავად ვიღებ. თქვენმა გაზეთმა, რომლის მკითხველიც დღიდან დაარსებისა ვარ, დაამტკიცა, რომ სიმართლის მსახურია და ამისთვის დიდი მადლობა თქვენ. ეს მადლობა ადრეც ალალად მითქვამს, როდესაც სახელმწიფო სამსახურში ვიდექი და ამას თქვენი კოლეგებიც დაგიდასტურებენ.
_ ყოყმანის მომენტი თუ გაგიჩნდათ, როცა “ოცნებიდან” შემოთავაზება მიიღეთ?
_ კი, ნამდვილად იყო ეს მომენტი. ძალიან ბევრი ვიფიქრე იმიტომ, რომ კარგად ვხვდებოდი, უდიდესი რისკის ქვეშ დამეყენებინა, როგორც საკუთარი თავი, ისე ჩემი ოჯახი. მე ამ ბრძოლისთვის უკვე მომზადებული ვარ და დიდი ბედნიერებაა, რომ ვიგრძენი ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერა. დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც ჯერ ჩემამდე ვერ მოაღწია, აუცილებლად მოვლენ და გვერდში დამიდგებიან. ერთ-ერთმა სამთავრობო არხმა გადმოსცა, ოზურგეთში არავინ არ იცნობსო. ეს კი მათ ზუსტად ჩემმა ერთმა ნაცნობმა განუცხადა. ეს ზუსტად ვიცი. დღემდეც ბევრი მიცნობდა, განსაკუთრებით ჩემი თაობიდან და ვისაც აინტერესებდა, ჩემი ცხოვრებისეული გზაც ბევრმა კარგად იცის. აქამდე საჯარო პირი არ ვიყავი და თუ ბევრი დღეს ჯერ კიდევ არ მიცნობს, ამის გამოსწორებას წინ არაფერი უდგას. სამაგიეროდ სხვებს იცობენ ძალიან კარგად და ოქტომბერში ოზურგეთელებს არჩევნის გაკეთება ჩვენს შორის არ გაუჭირდებათ.
_ ამბობენ, რომ თერთმეტი ენა იცით.
_ რამდენი? ტყუილია, გაუზვიადებიათ. მხოლოდ ძირითად საერთაშორისო ენებს ვფლობ. გულს მაკლია, რომ ესპანური და ფრანგული, ჯერჯერობით კარგად ვერ შევისწავლე. ხუთი ენა სააკაშვილმაც კი იცის, მაგრამ ჩვენ რაში გამოგვადგა?
_ თქვენ იყავით საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში. ამ თანამდებობიდან მართლა ხელისუფლებასთან ურთიერთობის დაძაბვის გამო გაგათავისუფლეს? ამბობენ, რომ კრიტიკული დამოკიდებულება გქონდათ ხელისუფლებასთან, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ.
_ ძალიან ბევრს იტყვიან კიდევ. იტყვიან სხვადასხვა მიზნით და ხშირად ტყუილსაც. ამიტომ ჯობია, ისევ ჩემგან გაიგონ რა და როგორ იყო. თურქეთში საქართველოს გენერალურ კონსულად 2004 წლის დეკემბერში დავინიშნე, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბრძანებით და გავთავისუფლდი 2009 წლის ოქტომბერში. პრაქტიკულად, მე წამოვედი მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთ მივლინების გრძელვადიანი მივლინების ვადა ამომეწურა. მას შემდეგ, რაც დავბრუნდი საქართველოში, არავინ დაინტერესებულა, ადამიანი, რომელმაც ამდენი ხანი დაჰყო სისტემაში, რით აპირებს ცხოვრებას, სად გააგრძელებს მუშაობას. რომ გითხრათ, მთავრობის წევრებთან მქონოდა რაიმე პირდაპირი კონფლიქტი ამ ომთან დაკავშირებით, არ იქნება მართალი. სამეგობრო წრეშიც და კოლეგებთანაც კი, ღიად ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, რომ ეს ომი საქართველოსთვის დამანგრეველი დარტყმა იყო და ქვეყნის ხელისუფლება არ უნდა წამოგებოდა ასეთ ანკესს, თორემ რუსეთს ეს ომი დაგეგმილი რომ ჰქონდა და კარგა ხანს ემზადებოდა ამისთვის, ეს უდაოა.
_ მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრემიერი ერდოღანი მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა საქართველოს, კერძოდ, აჭარის სტატუსის მიმართ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
_ ერდოღანს რაიმე კონკრეტული საპრეტენზიო განცხადება აჭარაზე, ნამდვილად არ გაუკეთებია. რამდენიმე თურქულმა ნაციონალურმა გაზეთმა გამოაქვეყნა, რომ შეიძლება საქართველოში განვითარდეს კატაკლიზმებიო და წინ წამოსწიეს ყარსის ხელშეკრულების თემა. მე გეტყვით სულ სხვა რამეს. ამ დროს გაკვირვებული იყვნენ ჩემი კოლეგები, სხვა ქვეყნების გენერალური კონსულები. ისინი ამბობდნენ, რომ ომის დროს ქვეყნიდან გარბიანო და ჩვენ დაკავებული ვიყავით იმხანად საზღვარგარეთ მყოფი ქართველების უკან დაბრუნებით. აეროპორტები რომ დაიკეტა, ქვეყანაში დასაბრუნებელი ერთადერთი გზა დარჩა თურქეთი, სომხეთი ან აზერბაიჯანი. ძალიან ბევრი დელეგაცია იყო მაშინ საზღვარგარეთ გასული. მაკა მახარაძეს ჰყავდა ჩეხეთში პატარა ბალერინები გაყვანილი, 9-12 წლისანი. მოხდა ისე, რომ სტამბულიდან უნდა დაბრუნებულიყვნენ შინ და მათ უკან დაბრუნებაში ვეხმარებოდით. მე ვიხსენებ თურქეთში მყოფი ქართველების დიდ მხარდაჭერას. მათ მიერ ეწყობოდა მხარდამჭერი აქციები. თუმცა, გულისტკივილით ვიხსენებ იმ ამბავს, რომ ბევრი იყო შეშინებული იმის გამო, თუ რა ვითარება იქნებოდა ამ ყველაფრის გამო შიგ თურქეთში, აი, ამ ქართველთა რეაქციის გამო, ამ მიტინგების გამო. ხალხი იყო გაურკვევლობაში. პრესაში იბეჭდებოდა ურთიერთგამომრიცხავი სტატიები. თუმცა, ვერ ვიხსენებ ისეთ პუბლიკაციას, სადაც ერთმნიშვნელოვნად გამართლებული ყოფილიყო საქართველოს პოზიცია. აი, ეს იყო ჩემთვის გულსატკენი.
_ ეს, ალბათ, რუსეთისგან ნასაზრდოები საინფორმაციო ველიდან მოდიოდა.
_ დიახ, ძალიან სერიოზულად მუშაობდნენ ისინი და და დღემდე სერიოზული გავლენა აქვთ თურქეთში, ლობისტებიც ჰყავთ. ვინც უნდა იწყინოს, სიმართლე იყო ასეთი _ თუ გამოვაკლებთ იქ მცხოვრებ “ჩვენებურებს”, ანუ თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს მეტწილად, განწყობა ჩვენს მიმართ იყო უარყოფითი, რაც გულს მიკლავდა. პრაქტიკულად, ყველა ინფორმაცია რუსეთიდან მოდიოდა. ჩვენი საინფორმაციო სისტემა ძალიან ცუდად მუშაობდა და პრაქტიკულად, მე ასე ვფიქრობ, ის თავიდან ასაწყობია. ტყუილთან შეზავებულ სიმართლეზე საშინელი არაფერია. ნახევარი სიმართლე ძალიან დიდი უბედურებაა და ზოგადად, ეს არის ჩვენი ხელისუფლების უბედურება.
_ ბატონო ზვიად, მაშინ ამბობდნენ და დღესაც იმეორებენ, რომ იმ პერიოდში ბევრი ქართველი ჩინოვნიკი გარბოდა საზღვარგარეთ. გულწრფელად გვითხარით, გინახავთ, ვინ იყვნენ ისინი?
_ მე არავინ მინახავს, ტყუილს არ ვიტყვი. მე ვიცი არაერთი ჩემი კოლეგისგან, რომ ეს ძირითადად აზერბაიჯანის გავლით ხდებოდა, წითელ ხიდთან, ასევე სომხეთის გავლითაც გარბოდნენ. არ დავაკონკრეტებ, რაც გამიგია, მაგრამ ჩემთვის არის ცნობილი, რომ ძალიან ცნობადი სახეები იყვნენ თავმოყრილი აზერბაიჯანის საზღვართან, რომლებიც გარბოდნენ საქართველოდან.
_ გთხოვთ, გულწრფელად გვითხრათ, ომამდე ბზარი არ გაჩენილა თქვენსა და ხელისუფლებას შორის?
_ მე ამ საზოგადოების შვილი ვარ და ვიყავი სწორედ იმ ტალღაში, რომელიც აღფრთოვანებული შეხვდა ვარდების რევოლუციას. მაშინ მნიშვნელოვან რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი ბაქოში და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც კი ვიყავი. მახსოვს, არჩევნების შედეგების გამოცხადების დროს, შემრცხვა კიდეც, იმდენად მაღალი იყო ნაციონალური მოძრაობის შედეგი ერთ პატარა უბანზე. ომამდე ჩემს დამოკიდებულებას ხელისუფლებასთან ბზარი არ ჰქონია.
_ არც 2007 წლის შემდეგ გაჩნდა ბზარი?
_ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ, მაგრამ იმ პერიოდში სტამბულში უშუალოდ ობიექტურ ინფორმაციას არ ვფლობდით; თუმცა, რაც მოგვიანებით გახდა ცნობილი ჩვენთვის, ამან ნათელი გახადა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო სვლა ავტორიტარიზმისკენ. მერე ამას მოჰყვა აგვისტოს ომი, რუსეთთან. შემდეგ იყო 26 მაისი… ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩემთვის გადამწყვეტი იყო 2008 წლის ომი, რომელმაც დამანახა, რომ ქვეყანას მიაქანებენ უფსკრულისკენ. ის კი არა, გულახდილად ვიტყვი, რომ ბოლომდეც არ მეყო ვაჟკაცობა, რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა მეთქვა, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე. თუმცა გითხარით, რომ მე არ ვმალავდი ჩემს ამ კრიტიკულ დამოკიდებულებას. სულიერად ვიტანჯებოდი, ვერ ვისვენებდი და გითხრათ სიმართლე, გავთავისუფლდი, როცა წამოვედი _ თითქოს, დიდი ლოდი მომეხსნა მხრებიდან.
_ და ახლა კვლავ აიკიდეთ სხვა “ლოდი”. არ გეშინიათ გასავლელი გზის სირთულის?
_ გეტყვით ერთ რამეს; განიხილებოდა ჩემი ელჩად დანიშვნა ინდოეთში. 2009 წლის ივლისში, როცა სპეციალურად ჩამომიყვანეს თბილისში და შევხვდი მინისტრს, ასე მითხრა, სხვა კანდიდატურა არ მყავსო. მერე იმ თანამდებობაზე ისე დაინიშნა სხვა პიროვნება, რომ არც კი უფიქრიათ მსუბუქად მაინც აეხსნათ ჩემთვის უარის თქმის მიზეზი. უკვე ზუსტად იცოდნენ, რომ მათი გაგებით, მე ნაციონალებისთვის სანდო კაცი არ ვიყავი. ეს არის წარსულის დეტალები და აღარ მინდა ამაზე ბევრი ვილაპარაკო. ახლაც ბევრი მეგობარი მყავს იქ, ზოგმაც ზურგიც შემაქცია. ხუთი წელი ვიმუშავე ბაქოში სამთავრობათშორისო კომისიის გენერალურ მდივნად, ეს იყო არჩევითი თანამდებობა. ჩემი გენერალური მდივნობის პერიოდში, ევროკავშირის ტრასეკას ცნობილი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ასზე მეტი მილიონი ევრო დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ეს იყო არა მარტო ტექნიკური დახმარების პროექტები, არამედ პირდაპირი ინვესტიციები საქართველოს ინფრასტრუქტურაში, დაწყებული ფოთის სარკინიგზო ბორნიდან და დამთავრებული წითელი ხიდით. როგორც გენერალურ კონსულად მუშაობის პერიოდში, ისე აქ და ყველგან, მე არასოდეს ვყოფილვარ გარეული არც შევარდნაძის მთავრობის კორუფციულ სქემებში და არც სააკაშვილის მთავრობის ელიტარულ კორუფციაში. ჩემი წარსული არის აბსოლუტურად სუფთა და ვარ ორმაგად ბედნიერი, რომ წასული და წარმავალი ხელისუფლებების კორუფციულ სქემებში ჩემს სახელს ვერავინ აღმოაჩენს. ეს ყველამ კარგად იცის.
_ ბიძინა ივანიშვილი პრიორიტეტად სოფლის აღორძინებას ასახელებს. დღევანდელი გურული (ზოგადად ქართული) სოფელი და მისი მეციხოვნე _ გლეხი, გოგია უიშვილზე უარეს ყოფაშია, ხომ გახსოვთ ეგნატე ნინოშვილის გმირი და მისი, ასე ვთქვათ, სამომხმარებლო კალათა?
_ ჩვენი კოალიციის გაცხადებული პრიორიტეტები იცით. მერაბიშვილის მთავრობამაც კი “დააქსეროქსა”. კერძოდ გურიაში, ოზურგეთში რას ვთავაზობთ ჩვენს ამომრჩეველს ამის შესახებ ყველა გაიგებს, როდესაც ოფიციალურად დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას. სერიოზული მუშაობა გვაქვს დაწყებული. რა თქმა უნდა, ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში იქნება ის დიდი პროგრამა, რომელსაც კოალიცია წარმოადგენს და ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პროგრამა. ეს იქნება დაკონკრეტებული ინიციატივები. მათ უკან ჩვენი კოალიცია და ბატონი ბიძინა ივანიშვილი დადგება და ოზურგეთელებმა, ისევე როგორ ყველა ქართველმა კარგად იცის, რომ ოქტომბერში ხელისუფლებაში მათ სიტყვის კაცი მოჰყავთ – კაცი, რომლისთვისაც სიტყვის ფასი უდიდესი ღირებულებაა. ჩვენ ოზურგეთს ფუნქციადაბრუნებულ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ოზურგეთელებთან ერთად, ძალიან მოკლე დროში ავაყვავებთ. ამ ეტაპზე ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებით ვმუშაობთ რამდენიმე სერიოზულ, გამოცდილ ოზურგეთელ სპეციალისტთან მჭიდრო კავშირში. კარგად ვიცი, რა დღეშიცაა ოზურგეთის სოფლები. არჩევნების გამოცხადების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ ქალაქის თითოეული უბნის და თითოეული სოფლის მონახულებას, ხალხთან უშუალო კონტაქტების დამყარებას.
ჩვენ მათთან სუფთა ხელებით მივდივართ. დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კი ამ ხალხის ნდობის ყოველგვარი ლიმიტი ამოწურულია.
_ გურიას ახლა ერთი კაცი _ რამაზ ნიკოლაიშვილი მართავს. მან ახლახან ოცნება აგვიკრძალა, არარელიგიურიაო და მღვდელთან გვგზავნის ამის გასაგებად…
_ ვიცი. მეც წავიკითხე. ეს არის აბსოლუტური სისულელე. სასაცილოა. მე კონკრეტულად ამ პიროვნების მისამართით არ ვამბობ. ეს არის ცინიზმი და არა მგონია, ეს თუ ვინმემ თქვა, გულში მაინც არ ეოცნებოს. რაკი ერთხელ თქვეს, ამას, ალბათ, სხვაც გაიმეორებს. უბრალოდ, რასაც ახლა ვიტყვი, ვისაც უნდა იმან გაიგონოს და გაიგოს: მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და მე მიყვარს ოცნება. სხვათა შორის, რაოდენ პათეტიკურადაც უნდა ჩამეთვალოს, ვიტყვი, რომ ჩემი უპირველესი ოცნება ჩემი სულის ცხონებაა, ჩემი ოცნებაა ასევე ჩემი საქართველოს, ჩემი ხალხის, ჩემი ოზურგეთის და ოზურგეთელების, ჩემი ოჯახის, ჩემი ახლობლებისა და ჩემი მეგობრების ბედნიერება. და კიდევ, ჩემი ასევე უდიდესი ოცნებაა სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანი წასვლა, წასვლა მხოლოდ არჩევნების გზით და არა იმ გზით, როგორც თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში. თვითონ, ხომ გახსოვთ, ცხელი ჩაიც კი გამზადებული დაახვედრეს სააკაშვილს. ამ ოცნებების ახდენას მივუძღვნი მე ჩემი დედის ხსოვნას, რომელიც გასულ დეკემბერში გარდაიცვალა და რომელიც ყველას ძალიან უყვარდა, ვინც კი მას იცნობდა.
იმ არნახული უკანონობის და წინააღმდეგობების პირობებში, რომელშიც ხელისუფლება აყენებს დღეს ჩვენს კოალიციას და კერძოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და იმ დაგეგმილი მეთოდების გათვალისწინებით, რაშიც გაწაფულები არიან, ჩვენი გამარჯვების დაფიქსირება ადვილი არ იქნება. ხალხმა უნდა გაიგოს და კარგად გაითავისოს, რომ ოქტომბერში ჩვენ ან გადავრჩებით და გავაგრძელებთ აღმასვლას, ჩვენი ოცნებების აღსრულება დაიწყება, ან წავალთ იქითკენ, რომ ხელში შეგვრჩება აბსოლუტურად პოლიციური, ავტოკრატიული ქვეყანა, სადაც კვლავაც იფოფინებენ ოლიგარქები.
კარგად უნდა გავითავისოთ, რომ განსაკუთრებული აქტიურობა არჩევნებზე ერთადერთი გარანტიაა იმისა, რომ ჩვენი გამარჯვება დავაფიქსიროთ და ჩვენმა კოალიციამ _ ქართულმა ოცნებამ, ბოლოს და ბოლოს, მშვიდობიანად შეცვალოს 8 წლის განმავლობაში ქართველების კისერზე მოგრიალე სააკაშვილის ხელისუფლება. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ყველა ხედავს, ყველა გრძნობს ამას, მაგრამ, ვიმეორებ, ეს გამარჯვება გამოსაგლეჯია ხელიდან, იგი მოსაპოვებელია უკვე დაწყებულ უსამართლო ბრძოლაში. გურულები, კერძოდ ჩვენ, ოზურგეთელები ვამაყობთ ჩვენი ჟინიანი სწრაფვით პიროვნული თავისუფლებისკენ. ბოლო წლებში ცდილობენ ჩვენში ეს ჟინი საბოლოოდ ჩაკლან არაერთი შეურაცხყოფით, მაგრამ ეს მალე დასრულდება და ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. ერთ ბრძენს უთქვამს, არაფერია იმ იდეაზე უფრო ძლიერი, რომლის დროც დადგებაო. ახლა, ქართული ოცნების ახდენის დრო დადგა!