ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის განმარტებით, კომპანია, რომელიც “ციცინათელას” აფინანსებდა გაკოტრებულია; შესაბამისად, სახელმწიფომ პარკი წაიღო და დირექტორად საკუთარი კადრიც დანიშნა. თუმცა, მიწა, რომელზეც პარკია გაშენებული ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო კომპანია “ატუს” მფლობელობაში რჩება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ საკითხზე სპეციალური განცხადება არასამუშაო დღეს, 7 ივლისს გაავრცელა:
“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,მენეჯმენტ სერვისს” შორის გაფორმებული წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით შპს ,,მენეჯმენტ სერვისმა” იკისრა ვალდებულება, მისთვის სამართავად გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოში, შპს ,,სერვისი 7-ში” (კომპლექსი “ციცინათელა”) განეხორციელებინა 1 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოების ეფექტური მართვისთვის.
2012 წლის 12 ივნისს, სამინისტროში შემოვიდა ,,მენეჯმენტ სერვისის” დირექტორის წერილი, რომლითაც გვეცნობა, რომ შპს ,,მენეჯმენტ სერვისში” შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, საფრთხე ექმნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციით გაირკვა, რომ კომპლექს “ციცინათელას” ,,მენეჯმენტ სერვისის” მიერ მართვის პერიოდში დაუგროვდა დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება, რომლის გადავადების თაობაზე რამდენჯერმე მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაც საზოგადოების მართვის არაეფექტურად გახორციელების შედეგია და რამაც დაგვარწმუნა მმართველის მიერ საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებაში. ვინაიდან საწარმოს მესაკუთრეს (აღნიშნულ შემთხვევაში, სახელმწიფოს) კანონმდებლობისა და კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ აშკარაა, რომ მეორე მხარე ვერ განახორციელებს საწარმოს იმგვარად მართვას, რომ მას არ მიადგეს რაიმე სახის ზიანი, სამინისტრომ გადაწყვიტა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა.
ამასთან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპლექსის “ციცინათელას” გამართულად ფუნქციონირების მიზნით დაინიშნა ახალი დირექტორი,” _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს მტკიცებით, ახალი დირექტორი, რომელიც როგორც გაირკვა გურიის გუბერნატორის აწ უკვე ყოფილი მოადგილე, ლაშა შაფაქიძეა, შაბათს დაინიშნა, თუმცა, “გურია ნიუსის” ობიექტივმა, ლაშა შაფაქიძე, 7 ივლისს, დღის 12 საათისთვის ჩოხატაურში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რამაზ ნიკოლაიშვილთან მოსაუბრე დააფიქსირა.
დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შაბათს შაფაქიძე ახალ თანამდებობაზე დანიშნული არ იყო. უფრო მეტიც, ჩვენი თანდასწრებით, ნიკოლაიშვილმა გუბერნატორის მოადგილე სასწრაფოდ დედაქალაქში, გუბერნატორის მოადგილის – ლელა თავართქილაძის ავტომანქანით გააგზავნა, თუმცა, საჯაროდ არ დაუკონკრეტებია რა გახდა შაფაქიძის თბილისში ასე სასწრაფოდ გაგზავნის მიზეზი.
რამაზ ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ შაფაქიძის თბილისში გაგზავნას საერთო არაფერი აქვს მის ახალ თანამდებობასთან:
_ ლაშა დედაქალაქში საქმეზე გაემგზავრა, სადაც მის გარდა, სხვებიც და მათ შორის გუბერნატორიც იყო.
_ ბატონო რამაზ, გინდა თქვათ, შაფაქიძის “ციცინათელას” დირექტორად დანიშვნაში თქვენი ხელი არ ურევია?
_ არანაირად. მე რა შუაში ვარ? მე ვარ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და მსგავს ობიექტებთან არაფერი საქმე არ მაქვს. მე, პირადად, შაფაქიძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის ამბავი კვირას გავიგე და განმარტება ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდიდან მივიღე, _ გვითხრა ნიკოლაიშვილმა.
თავად შაფაქიძე, ამ დრომდე ტელეფონს არ პასუხობს და უცნობია მისი პოზიცია, თუ რატომ გაცვალა გუბერნატორის მოადგილის სავარძელი პარკის დირექტორობაში.
აღსანიშნავია, რომ შაფაქიძე ის კადრია, რომლის მიმართ დღემდე არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. თუ რა მოხდა შემოქმედში რვა წლის წინ, “გურია ნიუსი” 2011 წლის დასაწყისშიც წერდა.
2011 წლის 10 იანვარს, შაფაქიძის გურიის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, “გურია ნიუსში” გამოქვეყნდა სტატია “რა მოხდა შემოქმედში 8 წლის წინ”. სტატიაში მოთხრობილია, თუ რატომ იყო წასული გურიიდან ლაშა შაფაქიძე ოჯახთან ერთად და რა ბრალდებას უყენებენ მას 9 წლის წინ, შემოქმედის ცენტრში მოკლული ვანიკო ქილიფთარის ოჯახის წევრები.