პირველ საკითხად სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის დასკვნების მოსმენა და შეფასება გაიტანეს. ორი კვირის წინ მოსულმა ძლიერმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფლების, _ სუფსის, ღრმაღელის, ნიგვზიანის, წყალწმინდის, ჩოჩხათის მოსახლეობას. ზარალის შემსწავლელი კომისიის მონაცემებით, საერთო ჯამში, ზარალმა 122 ათასი ლარი შეადგინა. შეისწავლეს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა. კომისიამ აღმოაჩინა, რომ სტიქიის შედეგად, არ დანგრეულა საცხოვრებელი სახლები და შენობა-ნაგებობები. წყალმა მხოლოდ სახლების პირველი სართულები დატბორა, გააფუჭა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. კომისიის დასკვნით, სულ 6 ოჯახი დაზარალდა და მათ დასახმარებლად 2 ათასი ლარი გამოიყო, ესე იგი, თითოეული ოჯახი დაახლოებით 300 ლარზე ცოტა მეტს მიიღებს. ამ ზარალში კომისიას არ შეუტანია სახნავ-სათესი ფართობები და მოსახლეობის კუთვნილი ბაღ-ბოსტნები, რომლებიც თითქმის სრულიად გაანადგურა წყალდიდობამ. წყალდიდობას შედეგად მოყვა ეროზიული პროცესების გააქტიურება, რის შედეგადაც წყალწმინდა-ღრმაღელის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწვა მეწყერი. გზა თითქმის გაუვალი გახდა და როგორც იქაურები გვატყობინებენ, დღემდე არ არის ბოლომდე გაწმენდილი.
საკრებულოს თავმჯდომარის რევაზ ჩიტიძის განმარტებით, ამ ეტაპზე სახელმწიფომ 100 ათასი ლარი გამოყო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. ჩიტიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის რეაქცია ძალზედ სწრაფი და ადეკვატურია და ყველაფერი კეთდება ზარალის გამოსასწორებლად. თუმცა, მისივე თქმით, ზარალმა 122 ათას ლარს გადააჭარბა, სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად კი 100 ათასი ლარია გამოყოფილი.
მეორე საკითხი გურიისთვის ძალზე აქტუალურ პრობლემას _ ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ჩატარებულ პროფილაქტიკურ სამუშაოებს შეეხებოდა. ლანჩხუთის საკრებულომ ამ ღონისძიებათა ჩასატარებლად 60 ათასი ლარი გამოყო. მომხსენებლის ანგარიშის მიხედვით, შეწამვლითი სამუშაოები 12-დან 28 ივნისის ჩათვლით მთელი ლანჩხუთის ტერიტორიაზე ჩატარდა, ხოლო სოლო აპარატებით შეიწამლა 400 ჰექტარი კერძო ფართობი. ამჟამად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი ყოფილა ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც შეწამლული ფართობების მონიტორინგს ახორციელებს. ზაზა ქავზინაძის თქმით, გარდა, სოლო აპარატებისა, მუშაობდა ორი აგრეგატი გზებისა და მიმდებარე ტერიტორიების შესაწამლად, დამუშავდა 2 200 ჰექტარი ფართობი.
ლანჩხუთელი მეფუტკრეები, “გურია ნიუსთან” საუბრისას ხშირად აღნიშნავდნენ, რომ თეთრი პეპლის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატები გამანადგურებლად მოქმედებს ფუტკარზე და ანახევრებს მის რაოდენობას. ისინი სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობაზე საუბრობდნენ, რაც იმაში უნდა გამოიხატოს, რომ დაურიგდეთ ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც ფუტკარს არ ვნებს. საკრებულოს სხდომაზე ხაზი გაუსვეს იმას, რომ ლანჩხუთში შემოიტანეს და მეფუტკრეებს დაურიგეს 25 ლიტრი ბიოპრეპარატი. ამ პრეპარატით მოხდება იმ ფართობების დამუშავება, სადაც ფუტკარია განთავსებული.
“ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი ლანჩხუთს საკრებულოში, დავით წულაძე გამუდმებით ამტკიცებს, რომ ადგილობრივი მთავრობის მიერ გამოყოფილი 60 ათასი ლარი ზღვაში წვეთია იმისთვის, რომ მთელი ლანჩხუთის მასშტაბით მოხდეს მავნებლის განადგურება. როგორც წესი, მას არც ამ საკითხში დაეთანხმა უმრავლესობა და მათი ლიდერი: საკრებულოს თავმჯდომარემ მოთმინებით განუმარტა “მეამბოხე” დეპუტატს, რომ ეს ძალიან სპეციფიური საქმიანობაა და მხოლოდ ცოდნით უნდა მიუდგეს ადამიანი. წამალს უკუჩვენება გააჩნია, მისი დოზაზე მეტი გამოყენება პრობლემებს წარმოშობს, უნდა გამოძებნოს ოპტიმალური მინიმუმი და ეტყობა სწორედ მას მიაგნო ადგილობრივმა ხელისუფლებამ _ ჩიტიძის მტკიცებით, წელს შარშანდელზე ცოტაა მავნებელი, მომავალ წელს კი კიდევ უფრო შემცირდება, თუმცა, ამ საკითხის ირგვლივ ხალხის აზრი ნამდვილად არ ემთხვევა ხელისუფლებისას.
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მოსახლეობა თავადაც ვალდებულია, ებრძოლოს მავნებელს, მაგრამ როგორ უნდა მოახერხოს ეს დამოუკიდებლად, არ აუხსნია. რევაზ ჩიტიძის თქმით, ამერიკაში, თურმე, იმ მოქალაქეს, რომლის ხეებსაც მავნებელი შეესევა, აჯარიმებენ. გამორიცხული არაა, ჩვენმა ჯარიმების სიყვარულით ცნობილმა ხელისუფლებამ ეს ნოვაცია ჩვენთანაც დაამკვიდროს.
შემდგომი საკითხები ნაკლებად აქტუალური იყო და მათი განხილვა და ერთხმად მიღება სწრაფად მოხდა _ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა რამოდენიმე არაკომერციულმა არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა, იურიდიული მისამართი შეიცვალა და ახალ მისამართზე დარეგისტრირდა ლანჩხუთს პოლიციის ყოფილ შენობაში. აქ განთავსდა ტურიზმის ცენტრი, სკოლამდელი აღზრდის ცენტრი და კიდევ რამოდენიმე დაწესებულება.
ლანჩხუთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ძველი სამხატვრო სკოლის ავარიული შენობა დემონტაჟს დაექვემდებარება, ხოლო მიმდებარე მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით გაიყიდება.
არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ლანჩხუთის საკრებულომ მიიღო დადგენილება სააგიტაციო პლაკატების გამოკვრის წესების შესახებ. ამ დადგენილებით, ასეთი ფურცლების გამოკვრა იკრძალება საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, პოლიციის, სასამართლოს და ადმინისტრაციულ შენობებზე, სკოლებზე. განისაზღვრა კონკრეტული ადგილები, რომლებზეც მუნიციპალიტეტი გასცემს ნებართვას. ეს არის მუნიციპალური სკვერები, მწვანე ნარგავები და მოსაცდელები.