პირველი, მათ შორის სოფელ გვიმბალაურის რწმუნებული და მისი აპარატი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკო იმნაძე მონდომებით ასრულებდა გამგებლის ყველა დავალებას, “ნაციონალური პარტიის”სასარგებლოდ აგიტაციასაც ეწეოდა მოსახლეობაში, თავის თანამშრომლებს სპეციალური ბლანკების შევსებასაც ავალებდა , რომელსაც “დაზუსტების ფორმა”ჰქვია და მხოლოდ ნაციონალების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დაზუსტებას ემსახურებოდა, იგი მაინც არ აღმოჩნდა გამგებლის ერთგულთა სიაში და სამსახურის დატოვება მოუხდა. ნიკო იმნაძე დიდხანს უარყოფდა გათავისუფლების ფაქტს და ამტკიცებდა, რომ თანამდებობას კვლავაც ინარჩუნებდა.
რამოდენიმე დღის განმავლობაში, გვიმბალაურის რწმუნებულის თანამდებობა თავისუფალი იყო. გამგებელმა რამდენიმე კანდიდატურიდან ვერც ერთის დათანხმება ვერ შეძლო _ გვიმბალაურელთა თავკაცობაზე უარი განაცხადეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა ალეკო იმნაძემ და ამავე სოფლის მკვიდრმა ზაზა ჩხაიძემ. სწორედ ჩხაიძის კუთვნილმა სამშენებლო ფირმამ გაიმარჯვა გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და გასულ წელს, სოფლის პროგრამის ფარგლებში, ჯუნეწრის კლუბის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.
გუშინ გაირკვა, რომ გვიმბალაურის რწმუნებულის ვაკანსია თავისუფალი აღარ არის და ამ თანამდებობაზე დურმიშხან ხოფერია დაინიშნა. იგი უკვე ახალ ამპლუას მორგებული გამოჩნდა მოსახლეობაში და ხალხს გამგეობის გზავნილი გადასცა – თუ გვიმბალაურის და ჯუნეწრის მოსახლეობა ნაციონალური პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, მთავრობა აუცილებლად მოხრეშავს ორი სოფლის დამაკავშირებელ ავარიულ გზას და გამოცვლის ნახევარი საუკუნის წყლის მილებს.
საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, რომელიც აპრილში გაიმართა, გია გოგუაძემ უარი თქვა დაეკმაყოფილებინა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა წყლის სისტემის რეაბილიტაციის შესახებ. მაშინ გამგებელმა ხალხს აუხსნა, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული, დაახლოებით 5-მილიონიანი პროექტია და ადგილობრივ მთავრობას ამის შესაძლებლობა არ აქვს. ახლა, როცა არჩევნები მოახლოებულია და პოლიტიკური ტემპერატურა სწრაფად მიიწევს უმაღლესი ნიშნულისკენ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უცებ “გამოიძებნა”თანხები გვიმბალაურის წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის.
ადგილობრივი მოსახლეობა თვლის, რომ ეს მთავრობის მორიგი წინასაარჩევნო ფანდია და ახლანდელი ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში, გზა და წყალი სოფელში ისევ პრობლემად დარჩება.