“მას მერე, რაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ფართომასშტაბიანი წინასაარჩევნო საქმიანობა დაიწყო და მხარდამჭერთა მრავალათასიანი აქციები გამართა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს წინ აღუდგეს და შეაჩეროს ეს პროცესი. ამისთვის ხელისუფლება იყენებს ყოვლად დაუშვებელ, ფაქტობრივად, ანტისახელმწიფოებრივ მეთოდებს, რომელსაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. კოალიციის ხალხთან შეხვედრების ჩასაშლელად ხელისუფლება იყენებს მორჩილი ჩინოვნიკებისა და მათი ნათესავებისგან შემდგარ ე.წ. „რაზმებს“, სწორედ ამ „რაზმებს“ უპირისპირებს ხალხს და ამით ცდილობს შექმნას ისეთი სურათი, თითქოს ორად გახლეჩილი მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდება.
ბოლო დღეებში, გორის სოფლებსა და ადმინისტრაციული საზღვრის პირას, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან კოალიციის წარმომადგენელთა შეხვედრებზე ხელისუფლების მიერ მოწყობილმა დაპირისპირებამ ყოვლად დაუშვებელი სახე მიიღო და საშიში ტენდენციები გამოიკვეთა.
კოალიცია „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ აღკვეთოს ასეთი დაპირისპირებები, რათა ეს პროცესები კიდევ ერთხელ არ გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს და არ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაც სრულიად დაუშვებელია.
კოალიცია „ქართული ოცნება“ მიმართავს სამართალდაცვის ორგანოებს და უწყებათაშორის კომისიას, სათანადო რეაგირება მოახდინონ კარალეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოიძიონ ყველა სამართალდარღვევა და მიიღონ სათანადო ზომები, რათა სამომავლოდ გამოირიცხოს ასეთი დაპირისპირები. კოალიციის წარმომადგენლები და აქტივისტები სტუმრობენ ყველა სოფელს და ხვდებიან ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებსაც ლეგიტიმური უფლება აქვთ, მიიღონ ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა, ხოლო სამართალდაცვის ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან მათი ეს უფლებები.
კოალიცია „ქართული ოცნება“ 15 ივლისს გორში გამართავს წინასაარჩევნო ფართომასშტაბიან, ხალხმრავალ აქციას, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. კოალიცია „ქართული ოცნება“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და უზრუნველყოს ზემოაღნიშნული აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება როგორც აქციის მიმდინარეობისას, ისე გზებზე მოქალაქეთა გადაადგილების დროს.
კოალიცია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გადაუხვევს პოლიტიკური ბრძოლის არჩეულ გზას და კონსტიტუციური გზით, კანონის სრული დაცვით გააგრძელებს თავის საქმიანობას და არჩევნებში გამარჯვებით შეცვლის ამ ხელისუფლებას.