როგორც თედო კობახიძემ განგვიცხადა, ჟურნალისტი გოგონა და ოპერატორი, რომელსაც მწვანე მაისურები ეცვათ წარწერით “ქ.ქ ინფო” “ქართული ოცნების” ბოლნისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, დარეჯან ჩხეტიანის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა.
“დღეს, ქვემო ქართლში, “ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის ზვიად ძიძიგური და ბოლნისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, დარეჯან ჩხეტიანი სოფელ რაჭისუბანში მოსახლეობას ხვდებოდნენ. როდესაც დავიწყეთ საუბარი, ამ დროს, გამოჩნდნენ მწვანე მაისურებში ჩაცმული ჟურნალისტი გოგონა და ოპერატორი ბიჭი, რომელთაც ჰქონდათ ასეთი წარწერა “ქ.ქ ინფო”. როგორც მოგვიანებით დავადგინეთ, (ადგილობრივებმა ამოიცნეს), ეს გოგონა გახლდათ ქვემო ქართლის ტელევიზიის ჟურნალისტი, სოფო ცერცვაძე, ხოლო ოპერატორმა თავისი ვინაობა არ გაამხილა. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ხალხის გაღიზიანება გამოეწვიათ და როგორმე პროვოკაცია მოეწყოთ.
_ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა პროვოკაციის მოწყობის მცდელობა?
_ წარმოიდგინეთ, სიტყვით გამოდიოდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ამ დროს, ეს ორი ადამიანი, მონოტორულად იმეორებდა: გაიწიეთ, ხელს ნუ მკრავთ, ხელს რატომ მკრავთ? და ამას აკეთებდნენ ისე, რომ მათ არავინ ეხებოდა. გარდა ამისა, მიდიოდნენ იქ შეკრებილ ადამიანებთან და ეკითხებოდნენ, _ რამდენი გადაგიხადეს აქ მოსვლაში? ამის შემდეგ, ისინი “ინფო-9”-ის ჟურნალისტებთან მივიდნენ და დაუწყეს პროვოკაციული კითხვების დასმა: რატომ ხართ აქ? რამდენს გიხდით ბიძინა ივანიშვილი? რატომ მალავთ ამ ინფორმაციას?
როდესაც დავინახეთ, რომ ხალხი ძალიან გაღიზიანდა და საქმე პროვოკაციამდე შეიძლებოდა მისულიყო, გადავწყვიტეთ, საპატრულო პოლიცია გამოგვეძახებინა. მე პირადად დავრეკე საპატრულო პოლიციაში, ჩავაყენე ისინი საქმის კურსში და ავუხსენი ყველაფერი, რაც ხდებოდა. დაახლოებით ნახევარ საათზე მეტი ველოდებოდით საპატრულო პოლიციის მოსვლას, მაგრამ არ მოვიდა. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ მოსახლეობას, მათ დაწერეს ყველაფერი, რაც ნახეს და აუცილებლად მოვითხოვთ რეაგირებას მომხდართან დაკავშირებით.