ერთი თვე და ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან “გურია ნიუსი” საჯარო ინფორმაციას ითხოვს რამდენიმე კონკრეტული მშენებლობის შესახებ, აი, ასეთი პრიმიტიული კითხვებით:
_ რამდენად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა ამ სამუშაოების ჩატარებაში;
_ რომელი კომპანია აწარმოებს ამ სამუშაოებს აღნიშნულ მისამართზე;
_ რა თანხებია გამოყოფილი აღნიშნული სამუშაოებისთვის;
_ როდის დაიწყო და დასრულდა ტენდერი ამ სამუშაოების ჩასატარებლად;
_ რამდენმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ტენდერში;
_ როდის დაიწყო აღნიშნული სამუშაოები;
_ როდის დასრულდება აღნიშნული სამუშაოები;
_ რომელი უწყების მიერ და როდის იქნა გაცემული ნებართვა აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით.
გაუგებარია, თუ ამ სამშენებლო ობიექტების დოკუმენტაციაში ყველაფერი რიგზეა, სამშენებლო კომპანიის ან თანხების გასაჯაროება რა პრობლემა და რატომ ვიღებთ თვეზე მეტია ასეთ პასუხებს:
“დაგირეკავთ ერთ კვირაში”, “არ სცალია გამგებელს,” “ხომ გითხარით, დაგირეკავთ,” “დამელოდეთ, დაგირეკავთ,” “არ ვიცი როდის, მაგრამ დაგირეკავთ”.
ბოლოს გაირკვა , რომ ეს ყველაფერი “წყლის ნაყვა” იყო. კუთვნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას კი ოზურგეთის გამგეობაში ახალი სახელი აქვს – “მიწოლა!”
ნინო სალუქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელია, რომლის ყველაზე საყვარელი ტერმინი ასეთი გახლავთ: ” გასაგებია თქვენი პოზიცია, შეგეხმიანებით, მაგრამ არ ვიცი, როდის…”
ეს საუბარი ნინო სალუქვაძესთან, სწორედ ერთი თვისა და ერთი კვირის შემდეგ არის ჩაწერილი.
_ ქალბატონო ნინო, 8 ივნისს შემოტანილ ინფორმაციაზე პასუხი არ გვაქვს დღემდე. რამდენჯერმე დაგირეკათ გიორგიმ (გიორგი გირკელიძე. ჟურნალისტი. ავტ) და გკითხათ ამასთან დაკავშირებით. გასულია აბსოლუტურად ყველა ვადა, რომელსაც კანონი ითვალისწინებს.
_ მესმის, მე გიორგის ველაპარაკე კიდევაც რასაც თქვენ ითხოვთ ამასთან დაკავშირებით და ვუთხარი, რომ მე ჩავაყენებდი საქმის კურსში და დავურეკავდი. ჯერჯერობით, სიახლე არაფერი არ არის.
_ ადმინისტრაციულ კანონში საჯარო ინფორმაციის შესახებ, არის გარკვეული ვადები და თქვენ ვალდებული ხართ, ამ ვადებში, კანონის თანახმად, მოგვაწოდოთ ინფორმაცია. კანონი არეგულირებს ამას და არა ის, ვის როდის ეცლება. თვეზე მეტია გასული და ვითხოვთ ჩვეულებრივ, მარტივ ინფორმაციას.
_ მე ველაპარაკე გიორგის და ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მე თვითონ დაუკავშირდები. საქმის კურსშია გამგებელიც და როგორც კი იქნება ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით მე შეგეხმიანებით.
_ ქალბატონო ნინო, კანონი გავალდებულებთ, კონკრეტულ ვადებში მოგვცეთ საჯარო ინფორმაცია. თქვენ 3 თვე რომ ვერ მოიპოვოთ ან არ გეცალოთ, ჩვენ უნდა დაველოდოთ, თქვენ როდის მოიცლით, ამას მეუბნებით?
_ მესმის თქვენი, მესმის, მაგრამ რა ვიცი, როგორც კი იქნება, შეგეხმიანებით. გასაგებია თქვენი პოზიცია.
_ ჩემი პოზიცია არ არის ეს. თქვენ უარყოფთ იმას, რომ ყველა ვადა დაარღვიეთ კანონით გათვალისწინებული?
_ მესმის თქვენი, ყოველ შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
_ როდის დამიკავშირდებით?
_ დაგიკავშირდებით, აი ამ თემასთან დაკავშირებით მე თვითონ დაგიკავშირდებით.
_ როდის დამიკავშირდებით? თვეზე მეტი გავიდა და არ არის კანონში განსაზღვრული, რომ თქვენი სურვილისამებრ უნდა დაგვიკავშირდეთ, იქ განსაზღვრულია კონკრეტული ვადები.
_ მოდით, ასე მოვილაპარაკოთ, ამ თემასთან დაკავშირებით შეგეხმიანებით.
_ კონკრეტულად როდის შემეხმიანებით?
_ ვერ გეტყვით როდის, მაგრამ შეგეხმიანებით.
_ სამი თვის შემდეგ, შეიძლება აღარ იყოს საინტერესო ეს თემა, ქალბატონო ნინო!
_ სამი თვე არ გავა.
_ ერთი თვე გავიდა უკვე.
_ ყოველ შემთხვევაში, თქვენ დამელოდეთ და შეგეხმიანებით აუცილებლად.
_ რამდენი ხანი დაგელოდოთ?
_ ქალბატონო თამარ, გამოდის რომ მე მაწვებით!
_ ქალბატონო ნინო, ჯერ ერთი, მე არ მესმის სიტყვა _ “გაწვებით” რას ნიშნავს და კი არ გაწვებით…
_ ასე გამოდის, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ…
_ ქალბატონო ნინო, მე ვითხოვ ინფორმაციას კონკრეტულს და საჯაროს, რომლის გაცემის ყველანაირი ვადა ამოიწურა. მე თქვენ კი არ გაწვებით, ზომიერ ფარგლებში ვითხოვ ჩემს საჯარო ინფორმაციას.
_ გასაგებია თქვენი პოზიცია.
_ და თქვენი პოზიციაც მაინტერესებს, როდის გვექნება ჩვენ ინფორმაცია?
_ დაგიკავშირდებით მე თქვენ და მეტი რა გითხრათ?
_ არაფერი, თქვენ გიორგი გირკელიძეს, ჩვენს ჟურნალისტს, რომელმაც შემოიტანა განცხადება, ასევე პირდებით ერთი თვეა, რომ შეეხმიანებით, მაგრამ არ შეხმიანებიხართ.
_ შევეხმიანები, ტყუილ-უბრალოდ არ გელაპარაკებით.
_ ტყუილ-უბრალოდ მელაპარაკებით, იმიტომ რომ, ორი კვირის წინაც იგივე უთხარით გიორგის და ერთ კვირის წინაც, ანუ გამოდის, რომ სწორედ ტყუილ-უბრალოდ მელაპარაკებით და თქვენი შეხმიანება, ქალბატონო ნინო, ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, ჩვენ გვინდა საჯარო ინფორმაცია.
_ გასაგებია თქვენი პოზიცია…
_ და როდის გვექნება საჯარო ინფორმაცია?
_ გაგეცით ხო პასუხი, ქალბატონო თამარ?
_ არ გაგიციათ კონკრეტულად, ყველა ვადა გაქვთ დარღვეული და გეკითხებით, როდის გვექნება საჯარო ინფორმაცია?
_ აი, შეგეხმიანებით, როცა გვექნება საჯარო ინფორმაცია.
_ თქვენზე არ არის ეს ქალბატონო ნინო, აქ, არ წერია კანონში, რომ თქვენზეა დამოკიდებული და როცა საჭიროდ ჩათვლით, მაშინ უნდა გაგვცეთ პასუხი, არსებობს სპეციალური ვადები. მაინტერესებს, როდის მოგვაწვდით ამ ინფორმაციას?
_ შეგეხმიანებით უახლოეს დღეებში აუცილებლად, ამ თემასთან დაკავშირებით.
_ არ გაქვთ თქვენ ეს ინფორმაცია? ისე აკეთებთ ამხელა მშენებლობებს, ისიც კი არ იცით, რომელი კომპანიები აშენებენ? ეს ინფორმაცია გახდა ასეთი პრობლემა გამგეობისთვის?
_ არა ინფორმაცია არ იქნება პრობლემა, უბრალოდ, გაიწელა ვადაში, მაგრამ არ იქნება პრობლემა.
_ ვადაში კი არ გაიწელა, ყველანაირი ვადა დაირღვა ქალბატონო ნინო.
_ გასაგებია, მესმის, მაგრამ შეგეხმიანებით, ხომ გითხარით უკვე?
_ თუ რამე პრობლემები გაქვთ ისეთი, რომ არ გინდათ ამ ინფორმაციის გაცემა?
_ არა, არა არანაირად არ არის ეგ პრობლემა. უბრალოდ, გაიწელა ვადაში თქვენი მოთხოვნა. მესმის, მაგრამ გაირკვევა და საქმიანად შეგეხმიანებით აუცილებლად.
_ თუ პრინციპია გაქვთ თვითმართველობაში ისეთი, რომ ის რასაც “გურია ნიუსი” აწერია გაწელოთ ყველანაირ დროსა და ვადაში?
_ სხვათაშორის, არ არის ეგ პრობლემა, საერთოდ, ზოგადად, არანაირი პრობლემა არ ყოფილა.
_ მაშინ რა ვიცი, მე მგონი განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, 3 მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გარდა.
_ ქალბატონო თამარ, მე ხომ გითხარით, რაღაც წყლის ნაყვა გამოდის უკვე ამ თემაზე ლაპარაკი.
_ წყლის ნაყვა გამოდის ის, რომ ერთი თვეა, თქვენგან ვიღებთ პასუხს, რომ შეგვეხმიანებით. აი, ეს არის წყლის ნაყვა, როცა ვერ ვიღებთ იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც კანონით გვეკუთვნის.
_ მე მგონი, ჩემი პოზიცია მოისმინეთ ხო?
_ გეკითხებით, როდის მოგვცემთ საჯარო ინფორმაციას, ჩვენს კუთვნილს?
_ კონკრეტულად გეტყვით, რომ მოგაწვდით ინფორმაციას.
_ ეს საბუთები ხომ თქვენთან ინახება ქალბატონო ნინო? დროში რატომ გაიწელა?
_ მუშავდება თემა და როცა დასრულდება და მოეყრება თავი ინფორმაციას, იქნება შესაძლებელი საუბარი.
_ თქვენ იმის ვალდებულება გქონდათ, წერილობით მაინც გეპასუხათ, რომ რაღაც დროის დამატებას ითხოვდით.
_ უნდა გავიდე ქალბატონო თამარ, მეძახიან, უნდა გავიდე.
ამ ვრცელი საუბრის ჩანაწერი იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს, თუ როგორ იცავენ კანონს ოზურგეთში და რა ძალისხმევით უხდება “გურია ნიუსს” თითოეული ინფორმაციის მოპოვება!