მხოლოდ ის ვიცოდით, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გურიის სამი მუნიციპალიტეტიდან, ერთ-ერთს ესტუმრებოდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ვაშაყმაძე სატელეფონო საუბრისას მხოლოდ ორიოდე სიტყვით შემოიფარგლა: _ პრემიერ-მინისტრმა ჩაატარა სამუშაო თათბირი, _ გვითხრა ილია ვაშაყმაძემ.
პრემიერ-მინისტრის გამოჩენას დღეს ოზურგეთში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის გააქტიურება მოყვა. ისინი სპეციალურად შეიმოსნენ “მე მიყვარს საქართველოს” მაისურებითა და ქუდებით.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, ნახეს თუ არა მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ვანო მერაბიშვილი და ესტუმრა თუ არა პრემიერ-მინისტრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისს.
ამავე პარტიის ოზურგეთის ოფისის საორგანიზაციო მდივანმა დიტო შარაძემ გვიპასუხა, რომ ისინი მერაბიშვილს არ შეხვედრიან. საუბრის დროს, როგორც ჟურნალისტს, ვიდეო-კამერა და ფოტოაპარატი თან მქონდა, ჩანთაში კი დიქტოფონი მედო.
დიტო შარაძე ვიდეო-კამერის ხელში დაკავებამ გააღიზიანა და “გურია ნიუსს” ასეთი ტექსტით მიმართა.
_ ისე შემოხვედი ოფისში, რომ არც გიკითხავს. რატომ იღებ? არ გინდა ეს კამერა, რა წესია ბიჭო, ეს კამერა! გადი აქედან, იკითხე, რომ შემოხვედი, შეიძლებაო? მოდიხარ ვირთხასავით და იღებ აქ, _ ასე შეგვამკო მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ოზურგეთში, დიტო შარაძემ.