ამ შეხვედრის შესახებ ლანჩხუთელი ჟურნალისტები ინფორმირებული არ იყვნენ.
გუშინ დილიდან, ბევრი ურთიერთ საწინააღმდეგო ხმა ვრცელდებოდა მერაბიშვილის ვიზიტის შესახებ. ამბობდნენ, რომ იგი აცანაში უნდა შეხვედროდა მოსახლეობას, სხვა ინფორმაციით, იგი სოფელ ეწერსაც უნდა სწვეოდა. გამგეობის დაცვის თანამშრომელმა გვითხრა, რომ მერაბიშვილი რამდენიმე წუთით შევიდა გამგეობაში და შემდეგ სუფსის მიმართულებით გაემგზავრა.
შევეცადეთ ინფორმაცია სუფსის დეპუტატთან გადაგვემოწმებინა, მაგრამ მან არ დაადასტურა ხმები, პრემიერმინისტრის სუფსაში სტუმრობის შესახებ.
“გურია ნიუსი” თითქმის ერთი საათის განმავლობაში ცილობდა ზუსტი ინფორმაცია გამგეობის პრეს-ცენტრიდან მოეპოვებინა, მაგრამ არც პრესცენტრის და არც გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელები სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის უფროსის ეთერ ჭყონიას ნახვა მოვახერხეთ, რომელმაც დაადასტურა პრემიერმინისტრის სტუმრობის ფაქტი. მან აღნიშნა, რომ ეს იყო მცირეხნიანი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან და არ მიიჩნიეს საჭიროდ ამის შესახებ პრესისთვის ეცნობებინათ.
მერაბიშვილმა ისე დატოვა ლანჩხუთი, რომ მოსახლეობას არ შეხვედრია.