ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გამგებლის, გია გოგუაძის თქმით, მერაბიშვილს ზღულაძე ლანჩხუთში საერთოდ არ ახლდა:
_ ბატონ ვანოს კანდიდატზე საერთოდ არ უსაუბრია. პრემიერის მთავარი მესიჯი ის პროგრამები იყო, რომლის გახორციელებასაც მთავრობა აპირებს. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საუბარი მხოლოდ ამ თემებს შეეხებოდა.
_ ბატონო გია, მერაბიშვილს ეკა ზღულაძე ახლდა?
_ არა.
_ როგორც გვითხრეს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩატარებული პრაიმერიდან გაირკვა, რომ ლანჩხუთელების უმრავლესობას დეპუტატობის კანდიდატად თქვენი ხილვა სურთ. გვითხრეს ისიც, რომ მოქმედ დეპუტატს საკმაოდ დიდი პროცენტით მოუგეთ.
_ არ ვიცი, პირველად მესმის. ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ვნახოთ, რა გადაწყდება, _ განმარტა გამგებელმა, რომლის კანდიდატურა ლანჩხუთის მაჟორიტარად, ჩვენი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია.
გოგუაძის კანდიდატობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილიც მიესალმება. “გურია ნიუსთან” საუბარში, იგი აღნიშნავს, რომ მის ხმას გია გოგუაძეს ნამდვილად მისცემს:
_ მიმაჩნია, რომ გია გოგუაძე საუკეთესო კანდიდატურა იქნება ლანჩხუთში, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. თუ პარტია გადაწყვეტს, რომ გია დააყენოს კანდიდატურად, მე მხარს დავუჭერ, _ გვითხრა ნიკოლაიშვილმა და დასძინა, რომ მერაბიშვილს შეხვედრებზე კანდიდატების შესახებ არ უსაუბრია.
მართალია, ჯერჯერობით პრაიმერის შედეგები არ გახმაურებულა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ ოზურგეთში კენჭს საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი იყრის. რაც შეეხება ჩოხატაურს ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ვინ იქნება მმართველი გუნდის კანდიდატი _ ყოფილი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მანანა ჯინჭარაძე.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით გურიის სამივე მუნიციპალიტეტში გამოკითხვა იმის დასადგენად ჩატარდა, თუ ვინ სურთ გურულებს კანდიდატებად.